თავში

წალკის კანიონზე 120 მლნ ლარის ებრაული კერძო ინვესტიცია ჩაიდო - VIDEO

წალკის კანიონზე 120 მლნ ლარის ებრაული კერძო ინვესტიცია ჩაიდო
წალკის კანიონზე 120 მლნ ლარის ებრაული კერძო ინვესტიცია ჩაიდო - VIDEO

საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე, წალკის კანიონზე, ებრაულმა კომპანია kass land- მა 120 მლნ ლარის კერძო ინვესტიცია ჩადო. თანხა  ეკოტურისტული სივრცის მოსაწყობად იხარჯება.  აქ მოეწყობა 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი, სასტუმრო, რესტორანი, ე.წ „ზიპლაინი“, ველობილიკი, სპა, ღია და დახურული აუზები და სასადილო სივრცე.

წალკის კანიონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განახლებული პარკი ვიზიტორებს 2021 წლის ივლისიდან უმსაპინძლებს და 900 ადამიანს დაასაქმებს. მათივე განმარტებით, ტურისტული ობიექტის მუშაობას პანდემია ვერ შეაფერხებს, იქიდან გამომდინარე, რომ პროექტის ფარგლებში მთავარი აქცენტი ღია სივრცეზე კეთდება.

წალკის კანიონი ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. როგორც კომპანიაში განმარტავენ სამშენებლო სამუშაოები გარემოს ზიანს არ აყენებს.

ცნობისთვის, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში 92 დაცული ტერიტორიიდან მხოლოდ 5-ია დახურული და ვიზიტორებს ვერ იღებს. მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას მღვიმე, ესაა ადგილები, სადაც ვიზიტორთა მიღება შეჩერებულია. 

საქართველოს 11.38%-ი დაცული ტერიტორიებია. 2020 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად 122 374 ჰა-ით გაიზარდა და დღეისათვის შეადგენს 793 351 ჰა–ს. დაცული ტერიტორიების საგრანტო პორტფელი 54 მილიონი ლარია, საიდანაც 2020 წლისთვის გათვალისწინებული იყო დაახლოებით 14 მილიონი.2021 წლის გეგმების მიხედვით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება, რომელთა ჯამური ღირებულება 60 მილიონ ლარამდეა. გრანტები მიმართულია საკონსერვაციო ღონისძიებების გასაძლიერებლად, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. მათ შორის, დაგეგმილია ოქროჯანაშვილის მღვიმის განვითარების პროექტი, რომლისთვისაც გამოყოფილია 1 995 000 ლარის ფინანსური რესურსი. საოპერაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად კი სააგენტოს ბიუჯეტში მობილიზებული იქნება დაახლოებით 3 990 000 ლარის გრანტი.

2020 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 30-მდე ეკოტურისტული პროექტი მიმდინარეობს და საერთო ჯამში 7 000 000-მდე ლარის ინვესტიციას შეადგენს. პროექტების განხორციელების მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა. 2020 წელს, აშენდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დასრულების ეტაპზეა 200 კმ-მდე საფეხმავლო ეკოტურისტული ბილიკები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილსა და აბასთუმნის ტერიტორიაზე, სათაფლიაში, აჯამეთის აღკვეთილში, ალგეთის ეროვნულ პარკში. კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“ მოეწყო. ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში, შატილში, მიმდინარეობს 4 მილიონ ლარამდე ღირებულების საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system