თავში

ციფრული ლარის გამოშვება 2022 წლის ზაფხულისთვის ანონსდება

ციფრული ლარის გამოშვება 2022 წლის ზაფხულისთვის ანონსდება
ციფრული ლარის გამოშვება 2022 წლის ზაფხულისთვის ანონსდება

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საპილოტე რეჟიმის აქტიური გაშვების ფაზას 2022 წლის ზაფხულისთვის აანონსებს, მანამდე კი, სათანამშრომლოდ ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებს ეძებს. როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპაუნა ლეჟავა განმარტავს, ციფრულ ლარს ექნება გადახდის და დაგროვების ფორმა, ასევე ელექტრონულ საფულეში არსებულ ელექტრონული ვალუტის ნაშთს პროცენტიც უნდა დაერიცხოს. შესაძლებელი იქნება ციფრული ლარით სესხის აღებაც. პარალელურად, ლარი ფიზიკური ფორმითაც იარსებებს და მის სრულად ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის. ციფრული ვალუტის თანმხლები რისკების გასანეიტრალებლად ციფრული ლარის გამოყენებას გარკვეული შეზღუდვებიც დაუწესდება.

„ციფრულ ლარზე შესაძლებელი უნდა იყოს პროცენტის დარიცხვა - მაგალითად, დღეს თუ გვაქვს 100 ლარი, ერთი წლის შემდეგ ის გახდეს მაგალითად, 109 ლარი. ციფრული ლარი არ იქნება განყენებული სისტემა, ის იქნება თავსებადი, როგორც გადარიცხვების დღევანდელ სისტემასთან, ასევე სხვადასხვა ფორმით ინტეგრირებული იქნება „ქეშთანაც“. რაც სეეხება რისკებს, რისკების შესაზღუდად გვინდა გვქონდეს შესაძლებლობა ციფრული ლარის გამოყენება იყოს შეზღუდული, მაგალითად, თითოეულ ტრანზაქციაზე არ შეიძლებოდეს განსაზღვრულ ლიმიტზე მეტი თანხის გადარიცხვა, ან ელექტრონულ საფულეში დაწესებულ ლიმიტზე მეტი მოცულობის ციფრული ლარის შენახვა. საწყის ეტაპზე ნამდვილად იქნება ეს შეზღუდვები, გრძელვადიან პერიოდში კი, ამის საჭიროებას გვაჩვენებს საპილოტე რეჟიმი, რამდენად მდგრადი იქნება მთელი ეს სისტემა კიბერშეტევების მიმართ“, - განმარტა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა „ბიზნესპარტნიორში“ და აღნიშნა, რომ  ინფორმაციის დაგროვება მოხდება ციფრული ლარის ოპერატორის მიერ, რომელიც დიდი ალბათობით იქნება ეროვნული ბანკი, მაგრამ სებ-ი არც იმას გამორიცხავს, რომ პროცესში ჩაერთოს ლიცენზირებული ოპერატორი.

აღსანიშნავია, რომ ციფრული ლარით დაგროვება, გადარიცხვა, თუ სხვა ოპერაციები კომერციული ბანკების გვერდის ავლით გაკეთდება, თუმცა პაპუნა ლეჟავა კატეგორიულად უარყოფს მოსაზრებას, რომ თითქოს ბანკები კარგავენ შუამავლის როლს. ლეჟავა მიიჩნევს, რომ ბანკები და ფინანსურ - ტექნოლოგიური კომპანიები ამ პროცესში მათი პარტნიორები არიან და ციფრული ლარი მათ შესაძლებლობას აძლევს ახალი პროდუქტები და სერვისები შექმნან.

"ჩვენ ვქმნით ისეთ პროდუქტს, რომელიც ტექნოლოგიებთან უფრო კარგად იქნება თავსებადი, ვიდრე ნაღდი ფული. ვფიქრობ, ეს ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ბანკებისა და ფინტექ-კომპანიებისთვის“, - მიიჩნევს პაპუნა ლეჟავა. 

რას ნიშნავს ლარის გაციფრულება და რა პერსპექტივა აქვს ციფრულ ფულს საქართველოში, ნახეთ აქ. 

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს. მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. პროექტის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ითანამშრომლოს.

ციფრულდება დოლარიც. აშშ-ში შემდეგი 12 თვის განმავლობაში ციფრული დოლარის 5 საპილოტე პროგრამა ჩაეშვება. ამით აშშ-ში ციფრული ვალუტის პოტენციურ გამოყენებას შეამოწმებენ.პირველ ეტაპზე საპილოტე პროგრამებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Accenture დააფინანსებს და მასში ჩაერთვებიან ფინანსური ფირმები, საცალო ვაჭრობის კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მიღებულ მონაცემებს აშშ-ს ხელისფლებაში ციფრული დოლარის განვითარებისთვის გამოიყენებენ.

ციფრული ევროს გამოშვებისთვის ევროპაც ემზადება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system