თავში

ტურიზმის კრიზისმა აჭარაში უძრავი ქონების ბაზარიც ჩაითრია

​ტურიზმის კრიზისმა აჭარაში უძრავი ქონების ბაზარიც ჩაითრია
ტურიზმის კრიზისმა აჭარაში უძრავი ქონების ბაზარიც ჩაითრია

ტურისტულ რეგიონებში უძრავი ქონების რეალიზაცია მინიმალურ დონეზეა. როგორც სამშენებლო კომპანია ,,რედკოს" დირექტორი მალხაზ კუნელაური report.ge-თან აღნიშნავს, ტურისტული ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად არ იყიდება, დიდი კლებაა საყოფაცხოვრებო სეგმენტშიც, რის გამო ბევრი კომპანია გაკოტრდა. ერთადერთი გამოსავალი, როგორც დეველოპერი აცხადებს, დროული ვაქცინაციაა, რამაც შეიძლება მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოს.

,,სიტუაცია ბოლო თვეების განმავლობაში უცვლელია. ამ მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაა ბათუმში, რომელიც ტურისტული მიმართულებით იყო დეველოპმენტი და დღეს ფაქტობრივად ჩავარდა. ტურისტული ინფრასტრუქტურა არ იყიდება. ეს არის ბინებისგან, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო აქტივისგან განსხვავებული სეგმენტი, რაზეც დღეს მოთხოვნა მინიმალურ დონეზეა. ორივე მიმართულებით დიდი კლებაა. ცხადია, ეს მოცემულობა პანდემიამ მოიტანა. აუცილებელია, მოხდეს ქვეყანაში ტურისტების შემოშვება, ფრენების აღდგენა და ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება. მსოფლიოში უკვე ბევრი მიმართულებით ქვეყნებმა გახსნეს ეკონომიკები, საზღვრები იმ მოლოდინით, რომ ჩავლენ იქ უსაფრთხო ტურისტები, დაიწყება ვაქცინაცია და მეტნაკლებად გააქტიურდებიან. როგორც კი ეს საკითხი დალაგდება, ეკონომიკის აღმასვლა დაიწყება. მთავარია, სწრაფად დაიწყოს ეს პროცესი, უკვე ძალიან ბევრი ბიზნესი გაკოტრდა. ესენი არიან ძირითადად მცირე და საშუალო კომპანიები, რომლებიც რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. მშენებლობები გაჩერებულია, ახალი პროექტები არ იწყება. ხოლო ის ბიზნესი, რომელიც ტურიზმიდან იკვებებოდა, მთლიანად ჩავარდა. ეს მხოლოდ დეველოპმენტი არ არის, მთლიანად მომსახურების სფეროა. 3 მილიარდიანი გარღვევაა ტურიზმში, რაც ძალიან დიდი კრიზისის დადასტურებაა. ოფიციალურად 83%-იანი ვარდნა აქვს ეკონომიკას, კრიზისს და რეცესიას განიცდის", - აცხადებს report.ge-თან მალხაზ კუნელაური.

მისი თქმით, დღესდღეობით, თუკი რამე იყიდება, ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე დაინტერესებული პირებია, რომლებსაც მეტნაკლებად აქვთ შესაძლებლობა უძრავი ქონება შეიძინონ არა გაქირავების, არამედ პირადი დასვენების მიზნით. ხოლო იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, რეალურად ძალიან ცოტაა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 2021 წლის იანვარში საცხოვრებელი უძრავი ქონების 499 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 29%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება, ბაზრის ზომას, 33%-იანი კლება დაფიქსირდა და მოცულობამ 21 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია COLLIERS INTERNATIONAL GEORGIA-ს ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში.

ცნობილია, რომ გასულ წელს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი 24%-ით შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system