თავში

თბილისში მუსიკის ფორუმი გაიმართება

თბილისში მუსიკის ფორუმი გაიმართება
თბილისში მუსიკის ფორუმი გაიმართება

თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მუსიკის ფორუმი იმართება. 

23 ნოემბერს საპანელო დისკუსიები Expo Georgia-ს III პავილიონში განახლდება, რომელზე დასწრებასაც ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ამ დღის მთავარი თემები იქნება არტისტის შემოქმედების და აუდიტორიის განვითარება, ტურიზმი და ფესტივალები, კულტურული გაცვლის შესაძლებლობები და ფორმატები, მუსიკის ექსპორტი.

მუსიკალურ ფორუმს ევროპის მუსიკალურ წრეებში სახელგანთქმული პროფესიონალები ეწვევიან. მათ შორის არის ბილ ბრაგინი, აბუ-დაბიში NYU-ს ხელოვნების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და globalFEST-ის თანადამფუძნებელი. New York Times ბრაგინს საშემსრულებლო მუსიკალური ბიზნესის ერთერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას უწოდებს. ასევე, რულ ვანჰუკი - BOZAR-ის (ხელოვნების ცნობილი ცენტრი ბრიუსელში) მუსიკალური პროგრამების დირექტორი და ფრანჩესკა ჩერეტანი - ევროპის ჯაზ გაერთიანების კოორდინატორი.

ღონისძიების მიზანია საქართველოში მუსიკის ინდუსტრიის განვითარება და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. ფორუმი ტარდება პრომოუტერების, საკონცერტო სივრცეების მენეჯერების, მუსიკოსების, არტისტ მენეჯერების, პროდიუსერების, ფესტივალების ორგანიზატორებისა და მუსიკის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებისათვის. ქართველი და უცხოელი სპიკერები ერთად განიხილავენ მუსიკალური ინდუსტრიის თანამედროვე სტანდარტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარს, გამოწვევებსა და მიღწევებს.

ორივე დღეს, საღამოს 8 საათიდან ფორუმის შოუქეისი და კონცერტი ჯაზ კლუბ Singer-ში გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია Kavkaz Jazz ფესტივალი. საორგანიზაციო ჯგუფმა ფესტივალის 10 წლის იუბილეზე გადაწყვიტა მსმენელსა და სამხრეთ კავკასიაში მუსიკის ინდუსტრიის განვითარების მსურველებს ახალი ფორმატის ღონისძიება შესთავაზოს, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს საშუალებას მისცემს, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილოს ლოკალური გამოწვევები თუ შესაძლებლობები.

Kavkaz Jazz ფესტივალი საქართველოში 2010 წლიდან ტარდება. პროექტი შეიქმნა როგორც მშვიდობის მატარებელი პლატფორმა სამხრეთ კავკასიაში კულტურული დიალოგის განმტკიცებისთვის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system