თავში

2 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი - სასამართლომ ნარკოტრაფიკის წევრები დამნაშავედ ცნო

2 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი - სას
2 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი - სასამართლომ ნარკოტრაფიკის წევრები დამნაშავედ ცნო

სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული 4 პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული დ.ჯ., ფ.ბ., ა.მ. და შ.ვ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ჯ., ფ.ბ., ა.მ. და შ.ვ. 2019-2020 წლებში სოფელ ფონიჭალაში სისტემატიურად ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ უკანონო შეძენას, დაფასოებასა და რეალიზაციას.

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები კონკრეტულ ლოკაციებზე სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ და მას შემდეგ, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შესაძენი თანხა დისტანციურად, ონლაინტოტალიზატორების ანგარიშებზე ჩაირიცხებოდა, კლიენტები ტელეფონის მეშვეობით მითითებულ ადგილებზე მიჰყავდათ", - აცხადებენ პროკურატურაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სისტემატიური ნარკოვაჭრობის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის ანგარიშებზე 2 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი იქნა მიღებული. თანხის წარმომავლობის დამალვისა და ლეგალიზაციის მიზნით, ჯგუფის წევრებს გარკვეული პერიოდულობით ჩარიცხული თანხები ანგარიშიდან გადაჰქონდათ ე.წ. ,,თამაშებში“ და მცირე გათამაშებას ახორციელებდნენ, რის შემდგომაც თანხა უკან ბრუნდებოდა და მისი განაღდება როგორც ტოტალიზატორის სალაროებიდან, ისე ე.წ. „ზერო ბარათების“ გამოყენებით, სხვადასხვა ბანკომატიდან ხდებოდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ორ მათგანს 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ერთს - 9 წლით, ხოლო კიდევ ერთ პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რის საფუძველზეც სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით მსჯავრთან ერთად განესაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system