თავში

ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა პროკურატურას მიმართა

ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა პროკურატურას მიმართა
ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა პროკურატურას მიმართა

ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, ქვეყნიდან გასვლის ნებართვის თხოვნით პროკურატურას მიმართა.

როგორც report.ge-ს ბიზნესმენის ადვოკატმა კახა წერეთელმა განუცხადა, შესაბამისი განცხადება მან პროკურატურაში დღეს შეიტანა და პოზიტიური მოლოდინი აქვთ. 

მისივე ინფორმაციით, იმისთვის, რომ ავთანდილ წერეთელმა ქვეყანა დატოვოს, მას ნებართვა სჭირდება.

"მოვითხოვეთ ნებართვა, რომ ავთანდილ წერეთელმა დატოვოს ქვეყანა 19 დან 30 იანვრის ჩათვლით. განცხადებას თან დავურთეთ სამედიცინო დაწესებულებიდან დოკუმენტები და ავიაბილეთები. გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, პროკურატურა ნებართვას მოგვცემს, გადაწყვეტილება 2 დღეში იქნება ცნობილი. ავთანდილ წერეთელს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პერიოდულად უწევს ქვეყნის დატოვება, ერთხელ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა და იმედი გვაქვს რომ ამ შემთხვევაშიც ავთო წერეთელს შესაძლებლობა მიეცემა მკურნალობის მიზნით ქვეყანა დროებით დატოვოს", - განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა. 

27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.  

პროკურატურა ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ავთანდილ წერეთელმა განაცხადა, რომ ის სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებდა და გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ავთანდილ წერეთლის სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. მოგვიანებით ბიზნესმენმა გირაო გადაიხადა.  


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system