თავში

დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა ჩვენება მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მისცა

დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა ჩვენება მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მისცა
დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა ჩვენება მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მისცა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ სასამართლოში ამავე საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა. 

როგორც პროკურორმა განაცხადა, მსჯავდებულმა გიორგი ჯანაშიამ საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებაზე ისაუბრა. 

„დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა მსჯავდებული გიორგი ჯანაშია, რომელმაც ისაუბრა საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებაზე, რაც პირდაპირ კავშირშია ბრალდებული მიხეილ კალანდიას მიმართ წარდგენილ ბრალდების შინაარსთან. შესაბამისად, მოწმე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარკვეულ კომპონენტებს ადასტურებს. მოწმემ ისაუბრა კონფლიქტის დროს მყოფი პირების როლზე. მათ შორის, მოწმემ ისაუბრა ბრალდებულ მიხეილ კალანდიას როლთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ფარდულთან ახლოს დავით სარალიძესთან დაინახა ბრალდებული, რომელსაც ხელში დანისმაგვარი საგანი ეჭირა და ხელი სისხლიანი ჰქონდა“, – განაცხადა ბესიკ ქვარცხავამ.

იმის გამო, რომ ჯანაშიამ მხოლოდ დღეს მისცა კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება, დაცვის მხარე მას ეჭვქვეშ აყენებს. როგორც მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, მოწმის სტატუსით დაკითხულმა გიორგი ჯანაშიამ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. კერძოდ, მისი შეფასებით, მოწმემ იცრუა, როცა განაცხადა, რომ მიხეილ კალანდიას ხელში დანის მაგვარი საგანი ეჭირა და ტანსაცმლის სახელო სისხლიანი ჰქონდა. თოდუას თქმით, აღნიშნულ დეტალებთან დაკავშირებით მოწმეს გამოძიების ეტაპზე არ უსაუბრია. 

„უტყუარი გარემოება არის, რომ ჯანაშია საგამოძიებო ორგანოებში რამდენჯერმე არის დაკითხული, მაგრამ მას არცერთ ჩვენებაში არ უსაუბრია ორი გარემოების შესახებ. პირველი, თურმე, ფარდულთან დაინახა, რომ კალანდიას სახელო სისხლიანი ჰქონდა და მეორე, თურმე, მას დანისმაგვარი რაღაც საგანი ეჭირა ხელში. კითხვაზე, თუ რატომ არ განაცხადა ამის შესახებ გამოძიების ეტაპზე, ცალსახად უპასუხა, რომ გამომძიებლები ასეთ კითხვებს არ უსვამდნენ და როცა დაუსვეს კითხვა, მაშინ უპასუხა. ეს აბსურდია და გარემოებასთან აბსოლუტურად შეუსაბამოა. 

ასევე, ვერ განმარტა მისი პოზიცია, თუ რატომ ჰქონდა კალანდიას სახელო სისხლიანი. კალანდიას ქურთუკზე სასამართლო ექპერტიზა ჩატარებულია და დადგენილია, რომ მასზე არავის სისხლის კვალი არ არის აღმოჩენილი. აქედან გამომდინარე, ის, რომ კალანდიას სახელო სისხლიანი ჰქონდა, მოწმის ფანტაზიის ნაყოფია. ასევე, მისი თქმით, როცა ის მაღაზიაში წყლის მოსატანად წავიდა და მობრუნდა, კალანდიას უკვე დაბანილი ჰქონდა ხელი და ქურთუკის მარჯვენა სახელო სველი ჰქონდა. ესეც სიცრუეა, რაც არ უნდა გაგერეცხა კალანდიას ქურთუკის სახელო 10 წუთის განმავლობაში, შანსი არ იყო, რომ მასზე სარალიძის სისხლის კვალი არ დარჩენილიყო. შესაბამისად, ეს არის ცრუ ჩვენების მიმცემი, მაგრამ ბრალდებას აწყობს საქმეში ასეთი ჩვენების ქონა, ეს ასევე აწყობს შეკვეთის მიმცემს. მოწმემ დროებით საპარლამენტო კომისიაზე დაკითხვისას თქვა, რომ არ ვიცი, კალანდიას რა ეჭირა ხელში, შეიძლება ტელეფონი ეჭირაო. დღეს კი ამბობს, რომ კალანდია მაშინ დაინახა, როცა ფარდულიდან გამოვიდა, დაინახა, რომელსაც დანისმაგვარი საგანი ეჭირა. მოწმემ ვერ განმარტა რა არის დანისმაგვარი საგანი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია, დანებში ერკვევა, კოლექციონერი იყო“ - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ. 

გიორგი ჯანაშია ბრალდების მხარის მოწმეა. ის დღეს სასამართლოში თითქმის, 4 საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას. 

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

გიორგი ჯანაშია დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობის მუხლით არის გასამართლებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system