თავში

გიორგი კალანდაძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

გიორგი კალანდაძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
გიორგი კალანდაძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

გენშტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძის გერმანიაში დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უწყება გერმანულ მხარეს ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით, კანონით დადგენილ ვადაში, მიმართავს:

"გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა ბერლინის აეროპორტში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გიორგი კალანდაძე 2021 წლის 19 დეკემბრს დააკავეს.

გიორგი კალანდაძე ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით და 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის ივლისში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ახალაიამ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ გიორგი კალანდაძემ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ ერთობლივად განიზრახეს ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების გზით მისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარება.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათი დავალებით, 2012 წლის 28 ივლისს საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ე.კ.-ს და ხელბორკილებით ნიღაბჩამოცმული, თბილისში მდებარე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.

2012 წლის 29 ივლისს დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ, სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს ე.კ., წამებისა და ცემის დროს, მას არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს. ე.კ.-მ სასტიკად წამების შემდეგ, გონება დაკარგა, თუმცა მისთვის სამედიცინო დახმარებაც კი არ აღმოუჩენიათ.წამების შემდეგ, ე.კ. შენობის ერთ-ერთ ოთახში, უმწეო მდგომარეობაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა.

გიორგი კალანდაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე ვადით.

საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით, კანონით დადგენილ ვადაში, მიმართავს,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system