თავში

გლდანის ციხეში გიორგი რურუას გამოკითხვა მიმდინარეობს

გლდანის ციხეში გიორგი რურუას გამოკითხვა მიმდინარეობს
გლდანის ციხეში გიორგი რურუას გამოკითხვა მიმდინარეობს

გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ პატიმრების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას გამოკითხვა მიმდინარეობს.

გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, ეს იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა გიორგი რურუაზე. საძაგლიშვილის აცხადებს, რომ რურუა უკანონო პატიმრობაში იმყოფება, რის გამოც მას გამოძიების ნდობა არ აქვს. 

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი მოთხოვნა იმიტომ, რომ არ გვაქვს ნდობა გამოძიების მიმართ. გიორგი რურუა საპატიმროში იმყოფება უკვე ერთი წელია უკანონოდ სწორედ გამომძიებლების და პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად. ბუნებრივია მაინც მივიღებთ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში და არ შევუშლით ხელს გამოძიებას.

ეს იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა გიორგი რურუაზე. ეს დადასტურდა პენინტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერით, სადაც ჩანს, რომ არანაირი კონფლიქტი ან შელაპარაკება უშუალოდ თავდასხმის მომენტს წინ არ უძღვის. ამ ადამიანებს საერთოდ არ იცნობდა გიორგი რურუა და შესაბამისად, სხვა მოტივი ბუნებაში ვერ იარსებებდა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ეს ადამიანები მოულოდნელად აღმოჩნდნენ იქ და არჩევნებიდან ერთ დღეში განხორციელდა თავდასხმა. დაზიანებები მიყენებული აქვს სახის არეში”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ნოემბერს გიორგი რურუას გლდანის ციხეში სხვა პატიმრები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რურუას დაპირისპირების შედეგად სახის არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნება.

ცნობისთვის, ციხეში, გიორგი რურუაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა გაავრცელა.

მისი თქმით, რურუაზე თავდასხმა იყო ციხის შიგნით შეგზავნილი პოლიტიკური დაკვეთა ხელისუფლების მხრიდან.

აღნიშნულს განცხადებით გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური.

უწყების ინფორმაციით, ციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system