თავში

მიხეილ სააკაშვილს ექსპერტიზა ჩაუტარდა და გამოიკითხა

მიხეილ სააკაშვილს ექსპერტიზა ჩაუტარდა და გამოიკითხა
მიხეილ სააკაშვილს ექსპერტიზა ჩაუტარდა და გამოიკითხა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმომადგენლები გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს გვიან ღამემდე კითხავდნენ. პატიმარს ჩაუტარდა ექსპერტიზაც. 

გამომძიებლის ინფორმაციით, სააკაშვილს ფიზიკური დაზიანების კვალი ვიზუალურად არ აღენიშნება. რაც შეეხება ვიდეოკადრებს, გიორგი მიქელაძის თქმით, კადრების დაარქივებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციურ დაწესებულებას უკვე მიმართა.

„ჩატარდა მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. მას ჩაუტარდა ასევე სამედიცინო ექსპერტიზა. ამოღებულ იქნა გამოკითხვის შემდეგ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მისი ტანსაცმელი. დათვალიერებულ იქნა შემთხვევის სხვა ადგილმდებარეობა. მოგახსენებთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში და გატარებული ღონისძიებების თაობაზე დამატებით გეცნობებათ.

ვიზუალურად არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნება. ამ საკითხის გარკვევა საჭიროებს სპეციალურ ცოდნას. სწორედ ამისთვის ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა.

ვერ გეტყვით, დასკვნა როდის დაიდება. ამ დასკვნას ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გასცემს”,-განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

გამოკითხვას სააკაშვილის ადვოკატიც ესწრებოდა. შოთა თუთბერიძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს დაზიანების კვალი ვიზუალურად აღენიშნება, თუმცა შესაძლოა იყოს ფარული დაზინაბებეიც.

ამასთან, ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე, რომელიც გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა, და შემდეგ მედიას განუცხადა, რომ სააკაშვილს ვიზუალური დაზიანებები არ აქვს, გამოკითხვის პროცედურას თავად არ დასწრებია.

„ჩატარდა გამოკითხვა ნებაყოფლობით. მიხეილ სააკაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ამასთან, მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, რომელთა ფოტოგრაფირებაც მოხდა და ასევე მოხდა ფიქსაცია ამ დაზიანებების. რაც ახლა ვიზუალურად ჩანს, მას დაზიანება აქვს ქვედა კიდურებზე. თუმცა არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ მას შეიძლება ვიზუალურად შეუმჩნეველი დაზიანებები ჰქონდეს სხეულის სხვა ნაწილებშიც, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მოვითხოვთ სერიოზულ კვლევას.

ასევე ამოღებულ იქნა ის ტანსაცმელი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ეცვა გადმოყვანის დროს. ტანსაცმელს ასევე აღენიშნება დაზიანებები. ეს არის შარვალი და პულოვერი, რომელიც გახეულია. ამის ფოტოგრაფირებაც მოხდა. ეს ნივთები დაილუქა და გადაიგზავნება სავარაუდოდ ექსპერტიზაზე. დაზიანებებთან დაკავშირებით უნდა ავღნიშნო აუცილებლად, რომ ბატონი, რომელმაც ინტერვიუ მოგცათ, არ ესწრებოდა გამოკითხვის პროცედურას.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, ბუნებრივია, რომ ის თავს გრძნობს სუსტად, უფრო სუსტად, ვიდრე დილით. გადაადგილება ჯერ კიდევ შეუძლია, თუმცა ბუნებრივია, რომ სუსტდება თანდათან და ჯანმრთელობის შეუქცევადი გაუარესებისკენ მიდის“,- განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტს იძიებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system