თავში

ნიკა გვარამია: მოსამართლემ "მთავარის" დირექტორობა ამიკრძალა

ნიკა გვარამია: მოსამართლემ "მთავარის" დირექტორობა ამიკრძალა
ნიკა გვარამია: მოსამართლემ მთავარის დირექტორობა ამიკრძალა

ვივლი კვირაში ერთხელ ისე, რომ შევძლო ჩემი ტელევიზიის ხელმძღვანელობა და თუ უნდათ, შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება და შემიცვალონ პატიმრობით,- ამის შესახებ განცხადება ნიკა გვარამიამ მის საქმეზე ჩანიშნულ სასამართლო პროცესების განრიგთან დაკავშირებით გააკეთა. “რუსთავი 2”-ის საქმეზე ბრალდებული ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ მოსამართლემ თებერვალში მისი პროცესების ხშირად ჩანიშვნით მას ფაქტობრივად, “მთავარი არხის” დირექტორობა აუკრძალა.

“მოსამართლემ თქვა, რომ ეს პროცესი მისთვის პრიორიტეტულია. არ ვიცი, რას ნიშნავს, პრიორიტეტულობა მის ენაზე მიკერძოებულობას ნიშნავს, როგორც ჩანს იმიტომ, რომ არავითარი წინაპირობები, რომლებიც მან თქვა, რომ მრავალტომიანია, მრავალეპიზოდიანი თუ მრავალმოწმეებიანი... არავითარი ბევრი აქ შესასწავლი არ არის, მასალის თვალსაზრისით, ასევე არც ბევრი მოწმე არ არის, აქ არ არის 1000 მოწმე, 60 მოწმეა დაახლოებით. ყოველ მეორე დღეს პროცესებია, ჩანიშვნა ნიშნავს მარტივ რამეს - ამ მოსამართლემ მე ახლა ამგვარი გრაფიკით ეფექტურად ამიკრძალა “მთავარის” დირექტორობა, მან მომხსნა ფაქტობრივად, ანუ ყოველ მეორე დღეს რომ პროცესია, მე წინა დღის უნდა გავეცნო მასალებს, შეკითხვები უნდა დავსვა, ვიცოდე და მზად ვიყო იმიტომ, რომ ეს მოწმეების დაკითხვაა, შესაბამისად, მთელი თებერვალი, რომელიც მან ყოველ მეორე დღეს ჩანიშნა, სამსახურში არ უნდა ვიარო, ეს გამორიცხულია. არჩევანს ტელეკომპანია “მთავარსა” და ამ სამარცხვინო ავღუას თავლას შორის, ვაკეთებ “მთავარის” სასარგებლოდ. მე შემიძლია პროცესს კვირაში ერთი დღე დავუთმო, მეტი მე არ მაქვს, ჩემი დასვენების ნახევარი დღე შაბათს რაც მაქვს, სხვა დღეს გადავიტანო და იმ დღეს პროცესზე ვიყო, სხვა დღე მე არ შემიძლია. მე არ მოვალ ამ პროცესებზე, ჩემ გარეშე ეს პროცესები ვერ ჩატარდება. პირდაპირ ვამბობ, მე არ ვაპირებ სასწრაფო გამოვიძახო, ცნობა მოვიტანო თუ “ავად ვარ, მიშველეთ” ვიყვირო, გამორიცხულია, ეს არის რეალურად პოლიტიკური პროცესი, სამწუხაროდ პროცესის ბოლოს ეს აბსოლუტურად ცხადი გახდა, ეს მოსამართლე არის ამ ავღუას თავლის ერთ-ერთი ბინძური ცხენი და მე მასთან აკადემიურ ფარგლებში კომუნიკაციის გაგრძელებას ნამდვილად არ ვაპირებ. ვივლი კვირაში ერთხელ ისე, რომ შევძლო ჩემი ტელევიზიის ხელმძღვანელობა და თუ უნდათ, შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება და შემიცვალონ პატიმრობით. პატიმრობაში ჯდომა მირჩევნია იმას, რასაც ახლა ეს კაცი მთავაზობს. მატარონ ძალით პროცესებზე, პატიმრობაში გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს, წერტილი, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა”, - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ “რუსთავი 2”-ის საქმის გრაფიკი დაადგინა. მისი გადაწყვეტილებით, დღევანდელი პროცესის შემდეგ, თებერვალში კიდევ 5 პროცესი ჩაინიშნა.

ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის საქმეზეა ბრალდებული. მას გამოძიება დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system