თავში

ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი: პროკურატურას უნდოდა საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა

ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი: პროკურატურას უნდოდა
ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი: პროკურატურას უნდოდა საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა

მიგვაჩნია, რომ ბრალდება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, - ამის შესახებ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა შოთა კახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ის რაზეც დღეს პროკურატურამ ისაუბრა, არის მხოლოდ ვარაუდები და ვერსიები, რომლის უკანაც არ არსებობს არანაირი კონკრეტული მტკიცებულებები.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ნიკა რევაზიშვილს დღეს დაუმძიმდა ბრალდება, მიგვაჩნია, რომ ბრალდება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, მას არ გააჩნია რაიმე მტკიცებულებითი საფუძველი. ჩვენ მასალები ჯერ არ გადმოგვცემია, მათი გადმოცემის შემდეგ, უფრო სიღრმისეულად შევძლებთ შევაფასოთ, თუ რა ახალი კონკრეტული მტკიცებულებები მოიპოვა პროკურატურამ. დღეს პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებას ვაფასებ და მან დღეს ისაუბრა მხოლოდ ექსპერტიზის რაღაც შუალედურ დასკვნაზე. პროკურატურას უნდოდა საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა, თითქოს მათ მოიპოვეს რაიმე ისეთი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც თითქოს ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილი იქნა მოკლული კონკრეტული პირების მიერ, რაც არის სიცრუე. პროკურორმა ისაუბრა, რომ არსებობს შუალედური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც თითქოს გამოირიცხება, რომ არ შეიძლებოდა შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები ყოფილიყო მიყენებული, წაქცევით, დაცემით, ან სიმაღლიდან ვარდნით, პროკურატურის თქმით, ეს ექსპერტიზა უდევს საფუძვლად ბრალდების დამძიმებას, რაც არის უსაფუძვლო და მცდარი. ექპერტიზას დაესვა კითხვები, მიიღებდა თუ არა გიორგი შაქარაშვილი ასეთ დაზიანებებს დაცემით, ვარდნით, ან დაგორებით, ჩვენ ჯერ არ ვიცით ამაზე რამდენად კატეგორიულია ექსპერტის პასუხი.  ჟურნალისტების მხრიდან დასმულ შეკითხვას, თუ რა მტკიცებულებებით ასაბუთებს პროკურატურა ვერსიას, რომელიც მათ აქვთ, პროკურორმა პასუხი ვერ გასცა. ერთადერთი რაც ამ ეტაპზე ზუსტად ვიცით , არის ის, რომ გიორგი შაქარაშვილი დაიღუპა წყალში ასფიქსიით, დანარჩენი ყველაფერი რაც მოვისმინეთ, არის ვარაუდები და ვერსიები, რომლის უკანაც არ არსებობს არანაირი კონკრეტული მტკიცებულებები.  ნიკა რევაზიშვილი, საქმის მასალების მიხედვით, საწყის ეტაპზევე სრულად თანამშრომლობდა გამოძიებასთან, მან მისცა გამოძიებას სრული ჩვენება, მონაწილეობა მისი სურვილითვე მიიღო ამოცნობაში, ნებაყოფლობით გადასცა გამოძიებას იმ ღამით ნაცვამი, გაურეცხავი ტანსაცმელი და მობილური ტელეფონიც, რომლის გამხსნელი პაროლიც ასევე, თავად მიაწოდა გამომძიებელს. ნიკა რევაზიშვილი, თუ ყველაზე დაინტერესებული არა, ერთერთი დაინტერესებული პირია, რომ საქმეზე დადგინდეს სიმართლე, რადგან სიმართლის დადგენა ნიშნავს მის უდანაშაულობას," - აცხადებს ნიკა რევაზიშვილის ადვოკატი, შოთა კახიძე.

შეგახსენებთ, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს - ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა.

მათ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა გიორგი შაქარაშვილი არაგვის ნაპირზე სასტიკად სცემეს და წყალში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system