თავში

კალანდიას პროცესი დასკვნით ეტაპზე გადადის

კალანდიას პროცესი დასკვნით ეტაპზე გადადის
კალანდიას პროცესი დასკვნით ეტაპზე გადადის

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზე გადადის. დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდების მხარე მტკიცებულებებს გაანალიზებს და დასკვნით სიტყვას წარმოსთქვამს.

პროკურორ, ბესიკ ქვარცხავას თქმით, პროცესის მიმდინარეობისას 150-მდე მოწმე დაიკითხა და ათეულობით სხვა მტკიცებულება გამოიკვლიეს. დღევანდელ პროცესზე, დასკვნით სიტყვაში ყოველი მათგანის ჩვენებასს გაანალიზებენ და შეაჯამებენ.

"დღეს გრძელდება საქმის არსებითი განხილვა მიხეილ კალანდიას ბრალდებასთან დაკავშირებით. დასრულდა მტკიცებულებების გამოკვლევა. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება წარმოადგენს სახელმწიფო ბრალდების დასკვნით სიტყვას. ჩვენ ვაპირებთ, რომ ყურადღება გავამახვილოთ ყველა იმ მტკიცებულებაზე, რომელიც სასამართლო პროცესების მსვლელობისას გამოიკვეთა. ეს ეხება სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ დაახლოებით 150-მდე მოწმის ჩვენებას, ასევე, ეხება ათეულობით წერილობით მტკიცებულებას, არაერთ ნივთიერ მტკიცებულებას და ყველა ამ მტკიცებულებების ანალიზს. მივმართავ სასამართლოს, რომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც დაადასტურებს მიხეილ კალანდიას დანაშაულს. სახელმწიფო ბრალდების მხრიდან პროცესების მსვლელობისას იქნა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება წარმოდგენილი, რომელთა მიმართებაში მოვახდენთ დღეს ჩვენ ანალიზს. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კონკრეტულად რომელიმე მტკიცებულების გამოყოფისა და დასახელებისგან", - განაცხადა პროკურორმა.

დაცვის მხარის ადვოკატის განცხადებით, სახელმწიფო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სიტყვა იქნება საპარლამენტო კომისიის მიერ შედგენილი დასკვნის მსგავსი, რომელიც არ არის რეალური და მხოლოდ ვარაუდია, რადგან საქმეში პირდაპირი მოწმე არ ფიგურირებს, ხოლო 21 თებერვალს ის თავად მოამზადებს დასკვნას, რომელიც მიხეილ კალანდიას გამამართლებელი იქნება.

,,მოლოდინი გვაქვს მხოლოდ ერთადერთი. დღეს, სავარაუდოდ, პროკურორი გაახმოვანებს სახელმწიფო კვლევის საპარლამენტო კომისიის დადგენილებას, რითაც სრულიად უსაფუძვლო განაჩენს გამოუტანენ მიხეილ კალანდიას, მტკიცებულება პირდაპირი თვალსაზრისით არ არსებობს - მხოლოდ და მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებზე შეიძლება იყოს აგებული მისი დასკვნა. სავარაუდოდ, ჩემთვის ცნობილია რაზე ილაპარაკებს დღეს პროკურორი. მე 21 თებერვალს სასამართლოს ვპირდები მოვიტან დასკვნით სიტყვას, რომელიც იქნება გამამართლებელი განაჩენი და მასში რაიმე ცვლილების შეტანის საფუძველი არ ექნება ობიექტურ და მიუკერძოებელ პროკურორს", - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

შეგახსენებთ, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

საქალაქო სასამართლოში პროცესი დასკვნით ეტაპზე გადადის და განაჩენი დაახლოებით 10 დღეში გახდება ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system