თავში

პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ზვიადაურს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალდება წარუდგინა.

"პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს დღესვე მიმართავს", - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანადალში მომხდარი მკვლელობისთვის ოლიმპიური ჩემპიონი და "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ზვიადაური დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა 1994 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს ესროლა, რომელმაც მისი ძმა, ზვიად ზვიადაური მოკლა.

დაკავებულია, ასევე, ზვიადაურის ახლო ნათესავი - ჯაბა ჯანგირაშვილიც. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ჯანგირაშვილის იარაღიდან გაისროლა ზვიადაურმა. მას იარაღის უკანონო შენახვას ედავებიან, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.

ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ჯაბა ჯანგირაშვილს კი, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.  

ცნობისთვის, თელავის რაიონში 3 ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს. სამივე მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system