თავში

სააკაშვილის ციხის ფანჯარასთან გამოჩენის გამო იუსტიციის გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

სააკაშვილის ციხის ფანჯარასთან გამოჩენის გამო იუსტიციის გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო
სააკაშვილის ციხის ფანჯარასთან გამოჩენის გამო იუსტიციის გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხის ფანჯარასთან გამოჩენის გამო იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

სამინისტროს ცნობით, გენერალური ინსპექცია მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ფანჯრის ჩამომტვრევის ფაქტზე წინასაგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

მათი განმარტებით, ამის საფუძველი შეტყობინება გახდა, რომლის თანახმად, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საშხაპე ოთახში ყოფნისას ფანჯრის მინა ჩამოიმტვრა. უწყება აცხადებს, რომ ადვოკატთან შეთანხმებით, 22 ოქტომბერს დაიგეგმა მიხეილ სააკაშვილთან გასაუბრება.

ადვოკატების ინფორმაციით, შესაძლოა პატიმარ მიხეილ სააკაშვილს შეზღუდვები დაუწესონ.

"ნაცვლად იმისა, რომ 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი ჩაატარონ, ნაცვლად იმისა, რომ პიჯაკების საქმეზე პროცესი ჩანიშნონ, ნაცვლად იმისა რომ საზღვრის კვეთის საქმეზე წინასასამართლო პროცესი განსაზღვრონ, ხელისუფლება დაკავებულია იმის კვლევით, მიხეილ სააკაშვილმა როდის მიიღო შხაპი, შხაპის მიღების დროს სარკმელთან რატომ იყო და ა.შ. ეს ყველაფერი კომიკურია.

ღარიბაშვილი იმდენად გამწარდა, რომ ვერ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის სრული იზოლაცია გარესამყაროსგან, პენიტენციური სამსახურის უფროსს ყური აუწია და დაავალა რაღაც ღონისძიებები გადაედგათ. რაღაც მოკვლევაზე საუბრობენ", - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.

გუშინ, 21 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის ციხესთან შეკრებილებს გისოსებიდან მიმართა. მან რამდენიმე წამით შეძლო ფანჯარასთან მისვლა.

მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომ ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილმა საშხაპე ოთახიდან მიმართა, რითაც შინაგანაწესი დაარღვია. მათივე ცნობით, ბადრაგი მას დერეფანში ელოდებოდა.

პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და იმავე საკანშია, სადაც თავდაპირველად მოთავსდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system