თავში

საქალაქო სასამართლო ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს

საქალაქო სასამართლო ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს
საქალაქო სასამართლო ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს

თბილისის საქალაქო სასამარათლო ნიკა გვარამიას მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს მიზანმიმართულ ცილისწამებად და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლემ, ალექსანდრე იაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„თბილისის საქალაქო სასამარათლო ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს მიზანმიმართულ ცილისწამებად და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. სასამართლო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით განმარტავს, რომ ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ, საქმისწარმოება არსებითად განხილვის ეტაპზეა.

2019 წლის 24 დეკემბერს „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის თანახმად“ სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვისათვის ელექტრონულად განაწილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიებში დადგენილი ვიწრო სპეციალიზაციების მიხედვით, მოსამართლეთა შემადგენლობების განსაზღვრის შესახებ, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის შესაბამისი კატეგორიის ექვს მოსამართლეს შორის.

შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, ბრალდებულ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმე განსახილველად მოსამართლე გიორგი არევაძეზე განაწილდა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოცემული საქმის ელექტრონულად განაწილებისას შესაბამისი კატეგორიის არცერთი მოსამართლე შვებულებაში არ გახლდათ. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ დღეს გაკეთებული საჯარო განცხადებები მცდარია და არ შეესაბამება სიმართლეს“, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. 

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, გიორგი არევაძემ, ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეებზე დღეს, თვითაცილება გამოაცხადა. ნიკა გვარამიას განმარტებით, ამის შესახებ წინასწარ იცოდა. 

გვარამიამ ასევე განმარტა, თუ რას ნიშნავს ელექტრონული შერჩევის წესი და როგორ შეუძლია მთავრობას ამ პრინციპით სასურველი მოსამართლის მიმაგრება კონკრეტულ საქმეზე. მისი განმარტებით, ელექტრონული შერჩევისას განიხილებიან ის მოსამართლეები, რომლებსაც კონკრეტული მიმართულებით აქვთ სპეციალიზაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, გვარამიას განმარტებით, მას და მამუკა ხაზარაძეს ერთი და იგივე, 194-ე მუხლი აქვთ წარდგენილი, რაც ფულის გათეთრებას გულისხმობს.

გვარამიას თქმით, იმისთვის, რომ ეს სასამართლო პროცესი განეხილა კონკრეტულ მოსამართლეს, საჭირო იყო 194-ე მუხლის მიმაგრება, რომლის შემდეგაც მხოლოდ 3-4 მოსამართლეს შორის მოხდებოდა ერთის ელექტრონულად შერჩევა. 

“გამოიცანით, როგორ ხდება სამი-ოთხი მოსამართლის “დაკერვა” იმისთვის, რომ პროცესის შესაბამისი განაჩენი გამოიტანონ, მარტივად. გამოიცანით, რამდენ მოსამართლეში ხდება ელექტრონული შერჩევა, სამში. გამოიცანით, თუ ვინმე ვერ “დაკერეს”, ის რას შვრება, შვებულებაში გადის, რომ ელექტრონულ შერჩევაში მონაწილეობა არ მიიღოს და მაშინ შეიძლება მხოლოდ ერთ არევაძეში ელექტრონულად აირჩიონ ის ერთი არევაძე”, – განმარტავს გვარამია.

დღესვე, მოსამართლე გიორგი არევაძემ ნიკა გვარამია „სასამართლოსა და მოსამართლის შეურაცხყოფისთვის" 500 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ ჯარიმა ნიკა გვარამიას, იმ განცხადებებისთვის დააკისრა, რომელის გამოც ის 3 იანვარს სხდომიდან გააძევა.

„თქვენი საქციელი იმსახურებს იმას, რომ აქვე დაგაკავოთ, მაგრამ არ მინდა მე ეს, რათა წამებულის მანტია ბოლომდე არ მოისხათ“, - მიმართა მოსამართლემ გვარამიას.

ნიკა გვარამიას გამოძიება "რუსთავი 2-ის" კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვასა და გაყალბებას ედავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system