თავში

შაქარაშვილის საქმის პროკურორი: ამირხანაშვილის ნება იყო შეზღუდული

შაქარაშვილის საქმის პროკურორი: ამირხანაშვილის ნება იყო შეზღუდული
შაქარაშვილის საქმის პროკურორი: ამირხანაშვილის ნება იყო შეზღუდული

თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილში, - ამის შესახებ შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,  ამირხანაშვილის ნება იყო შეზღუდული, რადგან ყველა პირმა მოუწოდა ჩამჯდარიყო მანქანაში.

„მოწმემ მოახდინა გარკვეული პირების იდენტიფიცირება. იმ პირების, რომლებიც გამოძიების დროსაც ჰყავდა იდენტიფიცირებული და ამოცნობილი. რაც შეეხება საქმის ფიგურანტ „მერსედესის“ მგზავრებს, ნიკა ჟვანიასთან დაკავშირებით გურამ ამირხანაშვილმა განმარტა, რომ დაინახა როგორ გადმოვიდა ჟვანია „მერსედესიდან“, მძღოლის გვერდითა სავარძლიდან რკინის ხელკეტით, დაარტყა კონსტანტინე ღიბრაძეს და გიორგი ქათამაძეს, რის შემდეგაც გაიქცნენ. ასევე, დაინახა ჟვანიას გარდა, მანქანიდან გადმოსული სხვა ხუთი პიროვნებაც, მათ შორის გიგა ტატიაშვილი, რომელიც ამოცნობილი ჰყავდა.

ასევე, გურამ ამირხანაშვილმა დაინახა არასრულწოვანი ლ.შ და გიორგი მერაბიშვილი, რომლებიც გადაადგილდებოდნენ მათ უკან და ტელეფონის ნომერი სთხოვეს, ხოლო შემდეგ დაედევნენ მათ. დევნა რომ შეჩერდა, მოწმემ დაინახა, რვავე პიროვნება აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას გიორგი ქათამაძეს. რაც შეეხება „ტოიოტა“ ქამრის ეპიზოდს, მოწმემ ნახა მანქანის გაჩერებისთანავე როგორ გადმოვიდა ექვსი პიროვნება. ამირხანაშვილმა მოახდინა ყველა მათგანის სახელითა და გვარით იდენტიფიცირება, მათი აღწერილობა და მიუთითა ყველა ის პირი, ვინც ავტომობილში იმყოფებოდა.

თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილში. არჩილ გაგნიძემ მოუწოდა დანარჩენ პირებს, ჩაესვათ მანქანაში, რადგან მისი დატოვება არ შეიძლებოდა და არ დატოვებდნენ იქ. ამის შემდეგაც ამირხანაშვილს ყველა პირმა მიუთითა, რომ ჩამჯდარიყო ავტომობილში. მისი ნება იყო შეზღუდული. ავტომობილის დაძვრისა და გარკვეული მანძილის გადაადგილების შემდეგ ისევ ხიდის მონაკვეთზე, ამირხანაშვილმა კვლავ ითხოვა, გაეჩერებინათ ავტომობილი, რაზეც ავტომობილში მყოფ პირთაგან უარი მიიღო“, – განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

გურამ ამირხანაშვილს, დაკითხვის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system