თავში

სამხედრო ფეხსაცმელებისა და ფორმების მითვისებისთვის ერთი პირი დააკავეს - VIDEO

სამხედრო ფეხსაცმელებისა და ფორმების მითვისებისთვის ერთი პირი დააკავეს - VIDEO
სამხედრო ფეხსაცმელებისა და ფორმების მითვისებისთვის ერთი პირი დააკავეს - VIDEO

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ფეხსაცმელებისა და ფორმების მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

,,სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თავდაცვის ძალების თანამშრომელმა პ.გ.-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მატერიალური საშუალებების გაცემის (მიღების) შესახებ, უწყისებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის უშუალო გამგებლობას დაქვემდებარებული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ფეხსაცმელები და ფორმები.

„პ.გ.-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 9882 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, გამოძიებამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სანივთე ქონება სხვადასხვა ლოკაციიდან ამოიღო, მათ შორის თბილისში მდებარე ე.წ. „ნავთლუღის ბაზრის“ სავაჭრო ობიექტებიდან“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, პ.გ. 2006 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა.

„2010 წლის 5 ივნისს პ.გ. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს პირადი დაცვის სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების უზრუნველყოფის სერჟანტის თანამდებობაზე დაინიშნა. იგი აღნიშნულ განყოფილებაში არსებულ საწყობში ქონების მოვლა-შენახვაზე და მატერიალურ-ტექნიკური ქონების სწორ აღრიცხვა-გაცემაზე იყო პასუხისმგებელი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პ.გ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით წარედგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system