თავში

"ეს არის სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის" - ლონდა თოლორაია

"ეს არის სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის" - ლონდა თოლორაია
ეს არის სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის - ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული და სამსახურის "დასჯას" ემსახურება.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე თოლორაიამ თქვა, კანონპროექტის ინიცირება დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. ამასთან, აღნიშნული ფაქტი დაემთხვა მის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.

"2021 წლის 25 დეკემბერს, ჩემთვის და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისთვის, მედიის საშუალებით, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და მის ნაცვლად - ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო სრულიად კონსპირაციული. მისი შემუშავების შესახებ უცნობი იყო როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სფეროს სხვა სპეციალისტებისთვის.

კანონპროექტის დაინიცირების დრო და მისი დაჩქარებული წესით განხილვის პროცესი, რატომღაც დაემთხვა წინასაახალწლო, მათ შორის საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობის საქართველოში არ ყოფნისა და პირადად ჩემი, სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. აღნიშნული მაფიქრებინებს, რომ ეს შემთხვევითი ნამდვილად არ არის. როგორც ჩანს ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში, ჩემი უწყების ინტერესების დაცვა გამიჭირდებოდა. თუმცა, მე აქ ვარ და გავაკეთებ ჩემს მაქსიმუმს ამ სამსახურის ხელშეუხებლობისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველა გამოწვევის საპასუხოდ, გააკეთა მაქსიმუმი და ერთი მხრივ, შეინარჩუნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის მაღალი სტანდარტი, ხოლო მეორე მხრივ შექმნა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების პრაქტიკა და უპასუხა იმ მთავარ გამოწვევას, რისთვისაც ეს სამსახური შეიქმნა - შეძლო აემაღლებინა საზოგადოების ნდობა ამ კატეგორიის დანაშაულების გამოძიების მიმართ.მიუხედავად იმისა, რომ წინ შეგვხვდა არაერთი დაბრკოლება - გვქონდა და გვაქვს დამოუკიდებლობის არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიები და საქმიანობის არაქმედითი ბერკეტები, არასაკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსები, გვქონდა და გვაქვს უწყებების მხრიდან თანამშრომლობის პრობლემა, სამსახურის გუნდმა, კეთილსინდისიერი მუშაობით, შეძლო დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებად ჩამოყალიბება და საზოგადოების ნდობის მოპოვება. სამსახურის მუშაობას, მისი ამოქმედებიდან ორი წლის თავზე, დადებითად აფასებენ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციები. სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ:ჯერ კიდევ 2019 წელს პარლამენტს წარვუდგინეთ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი კანონი, რომელიც 2 წელზე მეტია განხილვის მოლოდინშია;

2021 წელს პარლამენტს წარვუდგინეთ 2020 წლის საქმიანობის დეტალური და კრიტიკული ანგარიში, რომელიც ისტორიაში პირველად, პარლამენტმა არ მოისმინა;

2021 წლის 24 დეკემბერს პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიზანი სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება და სამოხელეო დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრაა. პარლამენტს არც ამ წინადადების მიმართ გამოუხატავს ინტერესი.

მსურს, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას შევახსენო, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს 2019 წლიდან სწორედ პარლამენტის მიერ დაეკისრა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფუნქცია. მათ შორის, იმ დეპუტატების მონაწილეობით, რომლებიც არიან ამჟამინდელი კანონპროექტის ავტორები.ნაცვლად იმისა, საქართველოს პარლამენტს ხელი შეეწყო სამსახურის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, დაიწყო სამსახურის დაჩქარებული გაუქმების ძალიან სახიფათო პროცესი.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების არგუმენტად დასახელდა ის, რომ სამსახურში ორი ფუნქციის - პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო ფუნქციის თავმოყრა იწვევს ინტერესთა კონფლიქტს და საფრთხეს უქმნის მონაცემთა დაცვას. გარდა ამისა აღინიშნა, რომ ამითი სრულდება არასამთავრობო სექტორის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაცია, დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის შექმნის შესახებ.ინტერესთა შეუთავსებლობის პრობლემა საქართველოს პარლამენტმა ვერ დაინახა 2018 წელს და არასამთავრობო ორგანიზაციების ეს რეკომენდაცია არ ჩათვალა წონიან არგუმენტად.

არასამთავრობო ორგანიზაციების ეს რეკომენდაცია მხოლოდ დღეს გახდა აქტუალური, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი შედგა. პროექტის ინიცირებამდე საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის არ დაუსვამს არც ერთი კითხვა, შექმნა თუ არა რაიმე პრობლემა ამ ორი ფუნქციის ერთი უწყების ქვეშ თანაარსებობამ. ამასთან, საქართველოს პარლამენტის მიერ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელით, მაშინ როდესაც საქართველოს პარლამენტში, 2019 წლის მაისიდან უმოძრაოდ დევს კანონპროექტი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომლის მიზანი საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაა, კრიტიკას ვერ უძლებს.რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებებს, რომ ეს ემსახურება საგამოძიებო ფუნქციის გაძლიერებას, არ შეესაბამება რეალობას. კანონპროექტები არის არსებული კანონის ასლი, copy paste. კანონპროექტებში არც ერთი სიტყვა არ წერია სამსახურის გაძლიერებაზე. კანონპროექტში არაა ასახული არც ერთი რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის მიერ და არ არის გათვალისწინებული არც ერთი გამოწვევა, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მრავლად აქვს მითითებული საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ 2020 წლის ანგარიშში.კანონპროექტით შემოთავაზებულია მხოლოდ ორი სიახლე:პირველი - საგამოძიებო უწყების ქვემდებარეობას ემატება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლი, რომლებიც პრაქტიკაში თითქმის არ გვხვდება სამოხელეო დანაშაულის კონტექსტში. საინტერესოა ისიც, რომ ეს ახალი დამატებული მუხლები, არ ვრცელდება პროკურატურის მუშაკებზე, არც სხვა საჯარო მოხელეებზე. ახალი ქვემდებარეობა ვრცელდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე, რომელთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები, ისედაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე იყო;და მეორე და ყველაზე შემაშფოთებელი - ახალი კანონპროექტით ხდება არა სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ ხდება სამსახურის ლიკვიდაცია. უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომელი 2022 წლის 1 მარტიდან რჩება სამსახურის გარეშე. ანუ, ნაცვლად იმისა, სამსახურის მოქმედი თანამშრომლები, სფეროს კვალიფიციური სპეციალისტები, გადანაწილდნენ სახელმწიფო ინსპექტორის ბაზაზე შექმნილ ორ უწყებაში (როგორც ეს მოხდა მაგალითად, 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის დროს და განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფის შემთხვევაში), საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა ყველა ჩვენგანის სახლში გაშვება. ანუ, მათთვის მიუღებელია არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, არამედ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყველა თანამშრომელი. თანამშრომლები, რომლებიც ღია და გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე შერჩეულნი არიან მხოლოდ პროფესიონალიზმის ნიშნით. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა დისკრიმინაციულ მიდგომას სამსახურის თანამშრომლებთან მიმართებით, რაც არის არაკონსტიტუციური.ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ეს პროცესი საფრთხეს უქმნის ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფ პირს, აჩენს არასტაბილურობის განცდას და წარმოადგენს ზეწოლას მათ საქმიანობაზე. ასევე, ეს ფაქტი ყველა საჯარო მოხელისთვის არის გზავნილი, რომ კეთილსინდისიერად საქმის კეთებისთვის ერთ დღეს შეიძლება დარჩნენ სამსახურის გარეშე.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ლონდა თოლორაია არასოდეს იქნება პროგრესული რეფორმის წინააღმდეგი, თუმცა ყველასთვის ცხადია რომ ეს არ არის რეფორმა - ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტისა და მისი დამოუკიდებელი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს არის სამსახურის დასჯა - დამოუკიდებლობისთვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისთვის, კანონმორჩილებისთვის, საჯარო უწყებების წინააღმდეგ გამოტანილი კანონიერი გადაწყვეტილებებისთვის, საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნის რეფორმაზე დაფიქსირებული განსხვავებული და კრიტიკული პოზიციისთვის, საქართველოს პროკურატურაში გაგზავნილი წინადადებებისთვის, რომლითაც ვითხოვდით მოხელეებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას და რომელთაგან არც ერთი იქნა დაკმაყოფილებული, მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების ახალი სტანდარტების დანერგვისთვის, ინფორმაციის უსაფრთხოების კანონზე ჩვენი განსხვავებული პოზიციისთვის და სხვა. სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილება, პარლამენტის წევრების კომენტარებშიც პირდაპირ და მკაფიოდ არაერთხელ იქნა გამოხატული.

ასეთი მეთოდებით არ მომხდარა არც ერთი სამსახურის გარდაქმნა, მით უფრო, დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და არჩევითი თანამდებობების ვადაზე ადრე გაუქმება.ამ სამსახურში მუშაობს 100-ზე მეტი პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი. კანონის მიღებით შენიღბული უკანონობა და უსამართლობა არ შეიძლება გახდეს მათი სამსახურიდან გათავისუფლებისა და სამსახურის გაუქმების საფუძველი.

შესაბამისად: მივმართავ საქართველოს პარლამენტს:

შეწყდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ლიკვიდაციის პროცესი; 

ამის ნაცვლად, განხილული იქნეს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2 წლის წინ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც რეალურად ემსახურება საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლებას;ასევე, დაინიცირდეს და განხილული იქნეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 3 დღის წინ, 24 დეკემბერს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ემსახურება მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული რეალური პრობლემების მოგვარებას;ასევე, ვთხოვ, საერთაშორისო საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს, სახალხო დამცველს, საზოგადოების წევრებს, სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, ჩაერთონ საკითხის განხილვაში, რადგან საქმე ეხება მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელიც ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვას.

აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ამ კრიტიკულ დროს სამსახურის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის" - განაცხადა თოლორაიამ.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგენენ. პროექტის ავტორები საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ, რაზეც გადაწყვეტილება ბიურომ უნდა მიიღოს.

ცნობისთვის, სახელწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ 25 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა საახალწლო სიურპრისი აღმოჩნდა.

ფაქტზე განმარტება გააკეთა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არ განიხილება და ინიციატივა აღნიშნული უწყება ორი სამსახურით ჩანაცვლდება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system