თავში

"ქართული ოცნება“ ოპოზიციას დიალოგის მაგიდასთან იწვევს - VIDEO

"ქართული ოცნება“ ოპოზიციას დიალოგის მაგიდასთან იწვევს
ქართული ოცნება“ ოპოზიციას დიალოგის მაგიდასთან იწვევს - VIDEO

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას დიალოგის გაგრძელებას სთავაზობს. პარტიის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დიალოგსა და კონსესუსს ალტერნატივა არ გააჩნია. 

გარდა ამისა, მდინარაძე მადლობას უხდის შეერთებული შტატების საელჩოს შუამავლის როლის შესრულებისთვის. მისივე თქმით, მმართველი გუნდი უერთდება ამერიკის საელჩოს გულისტკივილს, რომ სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო, საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგს დაემთხვა.

„პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, ოპონენტებს დიალოგის მაგიდასთან ვიწვევთ, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგს და კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც პროცესების სტაბილიზაციასა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს საელჩოს, რომელიც როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენც მოგვიწოდებს დიალოგისკენ და კვლავაც მზად არის ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულოს პოლიტიკური დიალოგის პროცესში. ვფიქრობთ, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგის პროცესში დეესკალაციისა თუ კონსენსუსის მიღწევისთვის ოპტიმალური გზა იპოვოს ყველამ. ასევე, გვსურს ცალსახად და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის თავშესაფარი და ინდულგენცია ვერ იქნება. „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სამოხელეო დანაშაულის, განსაკუთრებით კი გადასახადის გადამხდელთა თანხების არამიზნობრივად გამოყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს რეაგირება იყოს უკიდურესად მკაცრი და შეურიგებელი. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ქვეყანაში მაღალი სტანდარტი, რომ საბიუჯეტო თანხების უკანონოდ განკარგვას თუ ნებისმიერ სხვა მსგავს დანაშაულზე იყოს ერთგვარი მიდგომა, ყველა პირი კანონის წინაშე თანასწორია და მსგავს დანაშაულზე პირველ რიგში ჩვენი გუნდის წევრები აგებენ ხოლმე პასუხს“, - აცხადებს მდინარაძე.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, კორუფციის ბრალდებით "ქართული ოცნების" წევრებიც იხდიან სასჯელს და უგულავა გამონაკლისი არ არის. 

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს მიერ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებებზე უარი თქვეს. შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. დედაქალაქის ყოფილ მერს ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 

დასავლელმა პარტნიორებმა მხარეებს დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system