თავში

ნათია თურნავა: ჯარი არის ჩვენი პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტი

ნათია თურნავა: ​ჯარი არის ჩვენი პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტი
ნათია თურნავა: ჯარი არის ჩვენი პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტი

ჯარი არის ჩვენი პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პრეზიდენტის მიერ ჯარზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მინისტრის თქმით, პრეზიდენტის განცხადება კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი. 

„ქართული ჯარი არის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ინსტიტუტი, ქართველი ჯარისკაცი არის ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. ეს ასახულია ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში, ეს ასახულია მათ შორის, 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებში. გარდა ამისა, საქართველოს ჯარი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული, პატივსაცემი ინსტიტუტი ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ჯარი იყოს უზრუნველყოფილი, რათა განვითარდეს, ნატო-ს სტანდარტების შესატყვისი ჯარი გვყავდეს და ეს არის ეჭვგარეშე.

რაც შეეხება კონკრეტულად პრეზიდენტის განცხადებას, მან ამის თაობაზე განმარტება უკვე გააკეთა და ის იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი, როგორც სამწუხაროდ ზოგჯერ ხდება ხოლმე. სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განმარტება, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი. აქ მთავარი არის ზოგადად, რომ ჩვენი ჯარი არის ჩვენი პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტი, ეს არის ეჭვგარეშე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

დღეს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის განცხადება დამახინჯდა და არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

კრიტიკას "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილიც. მისი თქმით, საქმეზე ორიენტირებული კრიტიკის ნაცვლად, "ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა ხდება საქილიკო".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system