თავში

პარლამენტში შესაძლოა ორი კომიტეტი გაუქმდეს

პარლამენტში შესაძლოა ორი კომიტეტი გაუქმდეს
პარლამენტში შესაძლოა ორი კომიტეტი გაუქმდეს

პარლამენტში შესაძლოა ორი კომიტეტი გაუქმდეს და რაოდენობა 15-დან 13-მდე შემცირდეს. ამის შესახებ რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტშია აღნიშნული.

უქმდება აგრარულ საკითხთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტები. კულტურისა და დიასპორის საკითხები ერთიანდება სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ქვეშ. აქედან გამომდინარე, იცვლება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დასახელება და მისი სახელწოდება განისაზღვრება, როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი. 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასახელებაში, სიტყვა -უშიშროება- იცვლება უსაფრთხოებით. სახელწოდება ეცვლება საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტსაც.

გარდა ამისა, ცვლილება შედის რეგლამენტის 34-ე მუხლში, რომლის თანახმად, ორ კომიტეტში გაწევრებულ პარლამენტის წევრს, ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე დასწრების შემთხვევაში მეორე კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ორივე კომიტეტის სხდომა იმართება ერთ დღეს და მათგან ერთი სხდომა მაინც გასვლითია.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, რომლის ინიციატორებიც, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან, იცვლება ფრაქციის თანამდებობის პირთა წრე და მათი რაოდენობაც.

რეგლამენტში შესაძლო ცვლილებების მიხედვით კი, ფრაქციის ხელმძღვანელი კვლავინდებურად იქნება ფრაქციის თავმჯდომარე, ხოლო მისი მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება ფრაქციის წევრთა რაოდენობის შესაბამისად. პროექტის მიხედვით, ფრაქციის ყოველ 15 წევრზე, ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს 1 მოადგილე, ხოლო თუ მას ჰყავს ერთზე მეტი მოადგილე, ერთ-ერთ მათგანს შეიძლება მიენიჭოს პირველი მოადგილის სტატუსი.

ფრაქციის შექმნისას, ფრაქციის წევრები შეიმუშავებენ მხოლოდ ფრაქციის წესდებას და პოლიტიკური პლატფორმის შემუშავების საჭიროება აღარ იარსებებს.

ამასთან, საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის შესაქმნელად პარლამენტის 6 წევრის ნაცვლად 7 წევრი იქნება საჭირო.

ცვლილებების პროექტის თანახმად, უქმდება "საპარლამენტო უმცირესობის" სტატუსი და ხდება საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სიების რეგისტრაცია, რომელსაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით განახორციელებს პარლამენტის ბიურო. ამ ცვლილების შესაბამისად, პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი პროექტით, პარლამენტის ყველა წევრი გაერთიანებული უნდა იყოს ან უმრავლესობაში ან ოპოზიციაში, უქმდება დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის სტატუსიც. პარლამენტის ის წევრი, რომელიც არცერთ ფრაქციაში არ იქნება გაწევრიანებული, დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, უფრაქციო პარლამენტის წევრად იწოდება.

ამჟამად მოქმედი პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გარდა საპარლამენტო უმრავლესობისა, შესაძლებელია უმცირესობის ფორმირებაც. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია მისი მოთხოვნის საფუძველზე იძენს უმცირესობის სტატუსს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system