თავში

პრეზიდენტი: ანა დოლიძე უნდა აცნობიერებდეს, სად გადის ზღვარი

პრეზიდენტი: ანა დოლიძე უნდა აცნობიერებდეს, სად გადის ზღვარი
პრეზიდენტი: ანა დოლიძე უნდა აცნობიერებდეს, სად გადის ზღვარი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ადამიანმა, რომელსაც უკავია ასეთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა, თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, ესმოდეს და ათვითცნობიერებდეს სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის.

"ბოლო დროს აქტუალური გახდა პრეზიდენტის მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ქალბატონი ანა დოლიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი. 

სამართლებრივი პოზიცია ასეთია: ერთი მხრივ, მოქმედი ორგანული კანონით "საერთო სასამართლოების შესახებ" გათვალისწინებულია პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. მეორე მხრივ, კონსტიტუცია პრეზიდენტს, განსხვავებით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურისა და სხვა მსგავსი შემთხვევებისა, ანიჭებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხოლოდ დანიშვნის უფლებას.

საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დაცვის გარანტია. ის ვალდებულია იმოქმედოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებებით, რომელიც არ მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლებას.

რაც ეხება საკითხის არასამართლებრივ მხარეს, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პირმა, რომელსაც უკავია ესოდენ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, ესმოდეს და ათვითცნობიერებდეს სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის. სწორედ ასეთ თვითშეგნებაზე და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული საზოგადოების ნდობა. პრეზიდენტი ელოდება, რომ ქალბატონი ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას" - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში. 

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფიქრობენ, რომ ანა დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და მან საბჭოს არამოსამართლე წევრის პოზიციაზე უარი უნდა თქვას. ამავე მოსაზრებას იზიარებს საბჭოს არამოსამართლე წევრი - ნაზი ჯანეზაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ ანა დოლიძე კანონს არღვევს.

თავად ანა დოლიძე კი ამბობს, რომ ის ამ ეტაპზე, პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევა და პოლიტიკაში წასვლის შემთხვევაში, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ცნობისთვის, ანა დოლიძემ გუშინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system