თავში

შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დღეს კენჭს უყრიან

შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დღეს კენჭს უყრიან
შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დღეს კენჭს უყრიან

პარლამენტი დღეს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომლის თანახმადაც, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე უხანგრძლივდება. 

კანონპროექტს დღეს ჯერ ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს, ხოლო შემდეგ პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.

როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, კანონპროექტით მხოლოდ მისი მოქმედების ვადა იცვლება, ხოლო მუხლობრივი და პრინციპული ცვლილებები არ შედის. შესაბამისად, საკმარისი ხმების არსებობის შემთხვევაში, მას ერთი მოსმენით დაამტკიცებენ.

ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ პროექტი არაკონსტიტუციურია. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მაისში პარლამენტმა ამავე კანონში შეიტანა ცვლილებები და საკარანტინო ღონიძიებები ახლებურად განსაზღვრა. ამ ახალი განმარტებით, მასში მოიაზრება ისეთი ღონისძიებებიც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

თუმცა აღსანიშნავია, რომ მაისში დამტკიცებული კანონის გარდამავალ დებულებაში გაიწერა, რომ მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება 2020 წლის 15 ივლისამდე შეეძლებაპარლამენტში ახლახან ინიცირებული კანონპროექტით კი ეს ვადა 2021 წლის 1-ელ იანვრამდე ხანგრძლივდება.

ცნობისთვის, საკარანტინო ღონისძიებებში, მოიაზრება ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით.

მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეუძლია. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად მთავრობას არ სჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system