თავში

საოკუპაციო ზოლთან შეკრებილები დათა პაპას საქართველოს ჰიმნით გამოემშვიდობნენ

საოკუპაციო ზოლთან შეკრებილები დათა პაპას საქართველოს ჰიმნით
საოკუპაციო ზოლთან შეკრებილები დათა პაპას საქართველოს ჰიმნით გამოემშვიდობნენ

დათა ვანიშვილის დაკრძალვის ცერემონიის პარალელურად, საოკუპაციო ზოლს მიღმა მყოფი დათა პაპას ნათესავები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები არიან შეკრებილები. მათ ოჯახისთვის პირადად მისამძიმრების საშუალება არ მიეცათ. 

დათა პაპას გამოსვენებისას საოკუპაციო ზოლთან შეკრებილებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს.

დათა ვანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გამყოფ ხაზთან ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოჯახის ახლობლები, ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები გარდაცვლილის მეუღლეს სამძიმარს მავთულხლართებთან უცხადებდნენ.

შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დაწყებული უკანონო “ბორდერიზაციის” შედეგად ვანიშვილის საცხოვრებელი სახლი მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ვანიშვილმა უარი თქვა სახლის დატოვებაზე და მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად, 12 წლის განმავლობაში გამყოფი ხაზის მიღმა ცხოვრობდა.

დათა ვანიშვილი აქტიურად ეკონტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს. არ აღიარებდა დე ფაქტო რესპუბლიკას, აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქეა და არ აპირებდა საკუთარი სახლი დაეთმო. დათა პაპა თავადაც არაერთხელ დააკავეს იმის გამო, რომ გამყოფ ხაზთან მისულ ვიზიტორებს ეკონტაქტებოდა და რამდენჯერმე მავთულხლართებიდან გადაპარვაც სცადა.

დათა პაპა ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა, ის 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა. მისი მეუღლის, ვალია ვანიშვილის თქმით, გარდაცვალებამდე დათამ სთხოვა, არ მიატოვოს ხურვალეთში მდებარე მათი სახლ-კარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system