თავში

უმძიმესი გადაწყვეტილება მივიღე - ვახტანგ გომელაურის პირველი კომენტარი

უმძიმესი გადაწყვეტილება მივიღე - ვახტანგ გომელაურის პირველი კომენტარი

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რომელიც უკვე მეორე დღეა ზუგდიდში იმყოფება, სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. 

მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო მთავრობის მეთაურთან და მთავარი დავალება იყო, რომ არცერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებოდა. 

გომელაურმა მადლობა გადაუხადა ზუგდიდის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელს, რომელიც მძევლებს ჩაენაცვლა, მისი შეფასებით, ეს უმძიმესი გადაწყვეტილება იყო, რადგან არავინ იცოდა, დაბრუნდებოდა თუ არა ის ცოცხალი. 

მისი თქმით, ახლა უკვე მთავარი ამოცანა დამნაშავის პოვნა და დაკავებაა. მინისტრის განმარტებით, მას ბევრი ინფორმაცია აქვს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს

"გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო, დღეც და ღამეც, ძალიან მძიმე იყო ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვის, მძევლებისთვის, ვინც შიგნით იყო, იმ 43 ადამიანისთვის. 

პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არავინ დაშავებულიყო. ეს იყო პირველი, რაც დავისახეთ მიზნად. ეს, რა თქმა უნდა შეთანხმებული იყო მთავრობის მეთაურთან, ბატონ პრემიერთან, რომლის მითითებაც იყო, რომ არავინ დაშავებულიყო. მან თქვა - ყველაფერი გააკეთეთ, რომ ერთ ადამიანსაც კი არაფერი დაუშავდეს. ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ. ნახეთ თქვენ, რომ იყო ეტაპობრივად გამოშვებები - ჯერ 14 კაცი, მერე 7 კაცი, მერე 9 კაცი... რაც მთავარია, შემდეგ მივიდა ჩვენი თანამშრომელი, ჩვენ შევთავაზეთ რომ გამვყოფდით 5 კაცს, 10 კაცს, ვუთხარით, რამდენიც გინდა..., მაგრამ მან უარი გვითხრა. შემდეგ დაგვთანხმდა ერთ ადამიანზე. მე მინდა ხაზი გავუსვა და დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ ავთო გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა, ეს არ არის ადვილი საქმე, დამერწმუნებით, და არც ჩემთვის იყო იოლი, მიმეღო გადაწყვეტილება, რომ თანამშრომელი გამეგზავნა იქ, საიდანაც ან დაბრუნდებოდა ცოცხალი ან - არა, ეს არავინ იცოდა. ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო და რა თქმა უნდა, ბატონი ავთოსთვისაც იყო ძალიან მძიმე, თუმცა არცერთი წამით არ შედრკა, არ შეუხრია წარბი და არ შეუცვლია ეს თავისი გმირული გადაწყვეტილება. ამიტომ მადლობა მინდა ვუთხრა. გაყვა ეს ადამიანი, მაგრამ თქვა რომ სხვა მძევლებიც უნდა წაეყვანა. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა, მაგრამ ვერ გავწირავდით ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეს, მანქანიდან გადავიდა გამთენიისას და მიიმალა. გამოძიება გრძელდება. მე შეიძლება ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ შეიძლება ჩემმა ერთმა სიტყვამაც საქმე გააფუჭოს და გამოძიებაზე ცუდად იმოქმედოს. მთავარი ამოცანა, უკვე გითხარით, იყო ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. ახლა ამოცანა არის, რომ ეს ადამიანი სწრაფად ვიპოვოთ და დავაკავოთ" - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system