თავში

10 ყველაზე ძვირადღირებული სკულპტურა

10 ყველაზე ძვირადღირებული სკულპტურა
10 ყველაზე ძვირადღირებული სკულპტურა

კაცობრიობას პალეოლითის პერიოდიდან მოყოლებული ხელოვნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. გამოქვაბულის კედლებზე დახატული გამოსახულებები ისეთ შედევრებში გადაიზარდა, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩის "მონა ლიზა". სხვათა შორის, სწორედ ამ გენიოსი მხატვრის და მეცნიერის შესრულებული ნახატი "სალვატორ მუნდი" ყველაზე ძვირადღირებული ნახატია მსოფლიოში. ის 2017 წელს $450.3 მილიონად გაიყიდა.

თანამედროვე სამყაროში ხელოვნების მოყვარული მდიდარი ადამიანები  თანხებს არ ზოგავენ იმისთვის, რომ სასურველი ხელოვანის ნამუშევრით საკუთარი სასახლეები დაამშვენონ. მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკებები ისეთი პოპულარობით არ სარგებლობს, როგორც მხატვრობა, ზოგიერთი სკულპტურა წარმოუდგენლად ძვირად გაიყიდა. 

ამ სიაში შემოგთავაზებთ 10 ყველაზე ძვირადღირებულ სკულპტურას, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა.

1. "L'Homme au doigt" (1947) - ალბერტო ჯაკომეტი.

თითქმის 2 მეტრის სიმაღლის ბრინჯაოს ეს ქანდაკება 141.3 მილიონ დოლარად გაიყიდა ნიუ-იორკში, 2015 წელს. სკულპტურა ალბერტო ჯაკომეტის ეკუთვნის, რომელიც მეოცე საუკუნის ეგზისტენციალურ ფილოსოფიას ნათლად ასახავს. ის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოქანდაკეა და სწორედ ამიტომ ამ სიაში პირველ სამ ადგილს იკავებს. 

2. 'L'Homme qui marche I' (1960) - ალბერტო ჯაკომეტი.

2010 წელს ლონდონის აუქციონზე ჯაკომეტის სკულპტურა 104.3 მილიონ დოლარად გაიყიდა. 

"'L'Homme qui marche I' ("მოსიარულე ადამიანი") წარმოადგენს კაცობრიობის სიმბოლოს, რომელიც ყოველთვის ცდილობს, მუდამ ეძებს და არასოდესაა მშვიდად. უხეშად შესრულებული ზედაპირი სხვადასხვა სინათლის პირობებში ბრწყინავს, თითქოს ეს მიუთითებს რეალობის გარდამავალ ხასიათზე. სკლუპტურის ნერვული ენერგია მიმდებარე სივრცეს ააქტიურებს ”, -  წერს ჰირშორნის მუზეუმისა და ვაშინგტონის ქანდაკებების ბაღის კურატორი ვალერი ფლეტჩერი. 

3. Chariot (1950) - ალბერტო ჯაკომეტი.

ეს ქანდაკება დაახლოებით 1 მეტრი და 50 სანტიმეტრია. ჯაკომეტიმ სკულპტურა მას შემდეგ შექმნა, რაც ავარიაში მოყვა და ფეხი მოიტეხა. საავადმყოფოში მოხვედრილ ავტორზე, სამედიცინო ეტლმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მიუ-იორკში 2014 წელს გამართულ აუქციონზე "Chariot" 101 მილიონ დოლარად გაიყიდა.

4. Rabbit (1986) - ჯეფ კუნსი

კუნსის შემოქმედება ხშირად ხვდება თანამედროვე ხელოვნების ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევრებს შორის. ხელოვნებათმცოდნეებისა და კრიტიკოსების აზრი ხშირად იყოფა კუნსთან მიმართებაში. კრიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ კუნსი კიჩის მოყვარული რიგითი ავტორია, ნაწილი კი აღიარებს მის როლს თანამედროვლე ხელოვნების სცენაზე. 2019 წელს "კურდღელი" 91 მილიონ დოლარად გაიყიდა. 

5. "La jeune fille sophistiquée" - (1928-32) კონსტანტინ ბრინკუში


ბრინკუში ერთ-ერთი პირველი სკულპტორთაგანი იყო, რომელმაც აბსტრაქტული ხელოვნებით ექსპერიმენტირება დაიწყო. დროთა განმავლობაში მისი ნამუშევრები უფრო დახვეწილი და ნაკლებად ფიგურატიული ხდება, იმ დონემდე, რომ ბოლოს თავდაპირველი ობიექტის მხოლოდ შიშველი ჩონჩხიღა რჩება. ეს ნამუშევარი 2018 წელს ნიუ იორკში 71,2 მილიონ დოლარად გაიყიდა. 

6. 'Tête' (1911-12) - ამადეო მოდილიანი.


ცნობილი მხატვრის და მოქანდაკის ეს სკულპტურა ნიუ-იორკში 70,7 მილიონ დოლარად გაიყიდა. თავდაპირველად ის უელსელმა მხატვარმა, ავგუსტუს ჯონმა შეიძინა თავად მოდილიანისგან. 

"ქვის ქანდაკებამ ჩემზე უცნაური შთაბეჭდილება დატოვა. რამდენიმე დღის განმავლობაში, ჰალუცინაციები მქონდა. თითქოს ქუჩაში იმ ადამიანებს ვხვდებოდი, რომლებიც მოდილიანმა გამოაქანდაკა", - წერდა ავტობიოგრაფიაში ავგუსტუსი. 

7. "ბუშტის ძაღლი" (1994-200) - ჯეფ კუნსი

მიუხედავად კრიტიკოსთა არმიისა, კუნსის ნამუშევრებში მყიდველები კოლოსალური თანხის გადახდას არ თაკილობენ. "ბუშტის ძაღლი" 58.4 მილიონ დოლარად გაიყიდა 2013 წელს.

8.'La muse endormie' (1913) - კონსტანტინ ბრინკუში

1910 წელს ავტორმა „მძინარე მუზა“ თეთრი მარმარილოთი შექმნა. წლების მანძილზე საფრანგეთში სკულპტურას კერძო კოლექციონერი ფლობდა. სკულპტურა აუქციონზე საწყის ფასზე ორჯერ ძვირად, 57,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

9. გუენოლის ლომი - დაახლოებით ძვ.წ 3000-2800 წწ.


ძველ მესოპოტამიაში დაახლოებით 3000 წლის წინ შექმნილი კირქვის ფიგურა 1931 წელს ერაყში, ბაღდადთან ახლოს იპოვეს. 

ანტიკური ხანის ერთადერთი წარმომადგენელი ამ სიაში 2007 წელს, ნიუ-იორკში 57.2 დოლარად გაიყიდა. სკულპტურას მისი შეუძლებელი პოზა მართლაც რომ ანტიკურ მისტიკურობას სძენს. 

10. 'Grande tête mince' (1955) - ალბერტო ჯაკომეტი.

"ჯაკომეტის ეს ნამუშევარი ჩვენს სამყაროს კიდევ უფრო აუტანელს ხდის. ხელოვანმა შეძლო და მოახერხა გაეშიშვლებინა ადამიანი. მას ყალბი პრეტენზიები მოაშორა და შედეგად ეს ნამუშევარი მივიღეთ", - წერს ექსპერტი ჯაკომეტის ნამუშევარზე, რომელიც 53,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system