თავში

"ასტრაზენეკა" აცხადებს, რომ ევროკავშირმა მასთან დავა წააგო

"ასტრაზენეკა" აცხადებს, რომ ევროკავშირმა მასთან დავა წააგო
ასტრაზენეკა აცხადებს, რომ ევროკავშირმა მასთან დავა წააგო

კომპანია „ასტრაზენეკას“ განცხადებით, ევროკავშირმა სასამართლოში მის წინააღმდეგ საქმე წააგო.

განსხვავებულ განცხადებას აკეთებენ ევროკავშირში. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მხარს უჭერს ევროკავშირის მოსაზრებას, რომ „ასტრაზენეკამ“ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა.

კონტრაქტის თანახმად, კომპანიას ბლოკისთვის ივნისის ბოლომდე ვაქცინის 300 მილიონი დოზა უნდა მიეწოდებინა, თუმცა, წარმოებაში წარმოქმნილი პრობლემების გამო იძულებული გახდა გეგმა 100 მილიონამდე შეემცირებინა. 

ამის შემდეგ ევროკავშირმა ივნისის ბოლომდე მინიმუმ 120 მილიონი დოზის მიღების მოთხოვნით სამართლებრივი დავა დაიწყო.

„ასტრაზენეკას“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად კომპანიამ ევროკავშირს ივნისის ბოლომდე ვაქცინის 80.2 მილიონი დოზა უნდა მიაწოდოს.

„კომპანიამ დღემდე ევროკავშირს ვაქცინის 70 მილიონი დოზა მიაწოდა და 2021 წლის ბოლომდე 80.2 მილიონ დოზას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს“,- აცხადებენ კომპანიაში.

ევროკომისიის მტკიცებით კი, სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ასტრაზენეკამ“ ბლოკს 26 ივლისამდე ვაქცინის 15 მილიონი დოზა, 23 აგვისტომდე - კიდევ 20 მილიონი დოზა, 27 სექტემბრამდე კი - 15 მილიონი დოზა, ანუ ჯამში 50 მილიონი დოზა, უნდა მიაწოდოს. 

თუმცა სასამართლომ კომპანიას დედლაინი არ განუსაზღვრა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი დაუყოვნებლივ ვერ დაიწყებენ ევროკავშირისთვის დაპირებული დოზების მიწოდებას, რადგან ჯერ დიდი ბრიტანეთი უნდა დააკმაყოფილონ. 

მოსარჩელე მხარის ადვოკატი მიიჩნევს, რომ "ასტრაზენეკამ" დიდი ბრიტანეთის ბაზრისთვის პრიორიტეტის მინიჭებით კონტრაქტი უხეშად დაარღვია.

 „ეს გადაწყვეტილება ადასტურებს კომისიის პოზიციას: „ასტრაზენეკამ“ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირის კომისარმა ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში სტელა კირიაკიდესმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, თუ კომპანია ვაქცინის მიწოდებას აღნიშნულ ვადაში ვერ შეძლებს, მას თითოეულ მიუწოდებელ დოზაზე ჯარიმის სახით 10 ევროს გადახდა დაეკისრება.

ასტრაზენეკა კი აცხადებს, რომ კომპანია მოუთმენლად ელის თანამშრომლობის განახლებს ევროპულ კომისიასთან, რათა ხელი შეუწყოს პანდემიის დამარცხებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system