თავში

ბელგიის ყოფილი მეფე საიდუმლო ქალიშვილს შეხვდა

​ბელგიის ყოფილი მეფე საიდუმლო ქალიშვილს შეხვდა
ბელგიის ყოფილი მეფე საიდუმლო ქალიშვილს შეხვდა

ბელგიის ყოფილი მეფე ალბერტ II თავის საიდუმლო ქალიშვილს პრინცესა დელფინს პირველად შეხვდა მას შემდეგ, რაც ის შვილად აღიარა და ქალი სამეფო ოჯახის წევრი გახდა. შეხვედრას წინ ხანგრძლივი სასამართლო პროცესები და დავა უძღოდა. შეხვედრა ბრიუსელში, ბელვედერის სასახლეში შედგა.

იანვარში ალბერტ II-ის ადვოკატებმა აღიარეს, რომ 52 წლის ბელგიელი მხატვარი დელფინ ბოელი ყოფილი მონარქის შვილი იყო. სასამართლო დავა 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დელფინ ბოელმა სარჩელი 2013 წელს შეიტანა და სამეფო ოჯახის წევრად აღიარება მოითხოვა.

ბოელის დედა, ბარონესა სიბილ დე სელი-ლონგშმანი ამტკიცებდა, რომ ის მეფე ალბერტის საყვარელი იყო. მონარქთან ურთიერთობა 1966-84 წლებში ჰქონდა და ქალიშვილი 1968 წელს შეეძინა. ალბერტ II დიდხანს უარყოფდა ბარონესასთან ურთიერთობას და დნმ-ის ტესტზე უარს ამბობდა, თუმცა, სასამართლომ მას ტესტის გაკეთება აიძულა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფილ მონარქს ყოველდღიურად, ტესტის ჩატარებამდე, 5000 ევროს გადახდა მოუწევდა.

სამეფო ოჯახის ახალი წევრი პრინცესა დელფინა ალბერტ II-ის ანდერძშიც არის მოხსენიებული და ის, სამეფო ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, მემკვიდრეობას მიიღებს.

ალბერტ II 1959 წელს პაოლა რუფო დი კალაბრიაზე დაქორწინდა, 1993 წელს კი ბელგიის მეფე გახდა. 2013 წელს მან, ვაჟიშვილი ფილიპის სასრგებლოდ, ტახტზე უარი თქვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system