
ბრიუსელში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რომელიც სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა.
რამდენიმე ასეული მოქალაქე ქალაქის პოლიციის შენობასთან ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გასაპროტესტებლად შეიკრიბა. სამართალდამცავებმა ის 9 იანვარს კორონავირუსის გამო დაწესებული წესების დარღვევისთვის დააკავეს და დაკავებიდან დაახლოებით 1 საათში დაიღუპა.
დემონსტრანტებმა რამდენიმე მანქანა დააზიანეს და პოლიციის განყოფილების შენობას ცეცხლი წაუკიდეს. სამართალდამცავებმა მისი ჩაქრობა მოკლე ხანში მოახერხეს.
არეულობის დროს სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს, დაშავებულია 4 პოლიციელი.
მომხდარი ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაგმო. ამასთან, მან განაცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.