თავში

ილჰამ ალიევი: მთიანი ყარაბაღის სომხურმა და აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ ერთად უნდა იცხოვროს

ილჰამ ალიევი: მთიანი ყარაბაღის სომხურმა და აზერბაიჯანულმა
ილჰამ ალიევი: მთიანი ყარაბაღის სომხურმა და აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ ერთად უნდა იცხოვროს

გუშინაც, თურქულ ტელეარხთან ინტერვიუში ვთქვი, რომ ყარაბაღის ტერიტორიაზე მცხოვრებ სომხებს ჩვენს მოქალაქეებად აღვიქვამთ,- ამის შესახებ რუსულ "პირველ არხთან" ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

კითხვაზე - რა მომავალი ელოდება ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს, თუ აზერბაიჯანმა დასახულ მიზნებს მიაღწია, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მთიანი ყარაბაღის სომხურმა და აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ ერთად უნდა იცხოვროს, როგორც ეს მრავალი წლის განმავლობაში ხდებოდა.

"ამ თემაზე მანამდეც ბევრჯერ მისაუბრია, ესკალაციამდეც და ესკალაციის დროს. გუშინაც თურქულ ტელეარხთან ინტერვიუში ვამბობდი, რომ ყარაბაღის ტერიტორიაზე მცხოვრებ სომხებს ჩვენს მოქალაქეებად აღვიქვამთ. ვთვლით, რომ კონფლიქტის დარეგულირების შემდეგ, ოკუპაციის დასრულების შემდეგ, მთიანი ყარაბაღის სომეხმა და აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ ერთად უნდა იცხოვროს, როგორც ეს მრავალი წლის განმავლობაში ხდებოდა.

როდესაც 1980-იანი წლების ბოლოს კონფლიქტი დაიწყო, მაშინ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის 75 პროცენტს სომხური, 25 პროცენტს კი აზერბაიჯანული მოსახლეობა შეადგენდა. ქალაქ შუშაშიც, სადაც ისინი მათი კრიმინალური რეჟიმის ლიდერის ე.წ. ინაუგურაციას ატარებდნენ და აზერბაიჯანელ ერს შეურაცხყოფა მიაყენეს, მოსახლეობის 98 პროცენტი აზერბაიჯანელი იყო. ქალაქი შუშა აზერბაიჯანელმა ფანახალი ხანმა დააარსა. ეს არის უძველესი აზერბაიჯანული ქალაქი, საიდანაც ყველა აზერბაიჯანელი გააძევეს.

ასე რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ, მშვიდობიანი დარეგულირების შემდეგ, და ეს, სხვათა შორის, ასახულია საბაზო პრინციპებში, რომლებსაც მადრიდის პრინციპებს უწოდებენ, აზერბაიჯანის მოსახლეობა უნდა დაბრუნდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მასში ნათლად წერია, რომ ყველა გადაადგილებულ პირს აქვს საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლება.

ამრიგად, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ და იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება, აზერბაიჯანელები დაბრუნდებიან მთიან ყარაბაღში და იცხოვრებენ იქ, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ატმოსფეროს, რომელიც კონფლიქტის დაწყებამდე, 1980-იანი წლების ბოლოს არსებობდა. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია.

ეს არ იქნება ადვილი მას შემდეგ, რაც სომეხმა ჯალათებმა მოაწყვეს ხოჯალიში, როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობა გაანადგურეს, მას შემდეგ რაც მათ ჩვენი ისტორიული, რელიგიური ძეგლები გაანადგურეს, ამ ტერიტორიებიდან აზერბაიჯანელების ისტორიული მემკვიდრეობა წაშალეს, ეს ადვილი არ იქნება. მაგრამ ვთვლი, რომ ამისკენ უნდა ვისწრაფოთ.

ჩემი მოწოდება სომხეთის ხალხის და იმათ მიმართ, ვინც ახლა მთიან ყარაბაღში ცხოვრობს, არაერთხელ გაჟღერებულა საომარი მოქმედებების დღეებში. მე სომეხ ხალხს მოვუწოდე, გონს მოაგოს თავისი მთავრობა, მოვუწოდებდი სომეხ დედებს, არ გაგზავნონ შვილები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რადგან, ალბათ, ახლა არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ მთიანი ყარაბაღის ე.წ. არმია არ არსებობს. ის, რასაც მთიანი ყარაბაღის არმიას უწოდებენ, 90 პროცენტით სომხეთის მოქალაქეებისგან შედგება.

ასე რომ, ასეთ მოწოდებებს ვაკეთებდი. სომხური მხრიდან ასეთი მოწოდებები ამ დღეებში არ მსმენია. სიძულვილის გარდა, აგრესიის გარდა, მუქარისა და სრულიად შეუსაბამო ქმედებების გარდა. ჩვენი პოზიცია ასეთია, ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებას. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის მხრიდან პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ჩვენ ამას მივაღწევთ", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system