თავში

ინდოეთში "მწვანე ობის" პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში "მწვანე ობის" პირველი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში მწვანე ობის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთის მადჰია-პრადეშის შტატში ახალი სოკოვანი დაავადების, "მწვანე ობის" პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ Hindustan Times ავრცელებს.

"პაციენტს ფილტვებში "მწვანე სოკოს" ინფექცია (Aspergillus) აღმოაჩნდა. ეს მადჰია-პრადეშში "მწვანე ობის" პირველი შემთხვევაა, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით დარწმუნებული არ ვარ", - განაცხადა შრი აურობინდოს სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის დოქტორმა, რავი დოზიმ.

მისი თქმით, პაციენტი 34 წლისაა. ის საავადმყოფოში კორონავირუსის შედეგად ფილტვების 90%-იანი დაზიანებებით შეიყვანეს.

ცნობისთვის. ინდოეთში ბოლო სამ კვირაში "შავი ობით" ინფიცირებულთა რიცხვი 150%-ით გაიზარდა. ის უმეტესად მათ დაემართათ, ვინც COVID-19–სგან გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რიცხვმა 31 ათასს მიაღწია, ამ დაავადებით გამოწვეული გართულებებით 2 ათასზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა. ინფექციების რიცხვის ასეთი ზრდა ასევე გამოწვეულია პრეპარატ "ამფოტერიცინი B-ს" მწვავე უკმარისობით, რომელიც ასეთი პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება.

ყველაზე მეტად მაჰარაშტრას შტატი დაზარალდა. იქ "შავი ობის" 7,000 შემთხვევა ფიქსირდება, რაც მაისის მაჩვენებელს 2,5-ჯერ აღემატება. დელიში ამ დაავადებით 1,2 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, 125 პაციენტი გარდაიცვალა.

"შავი ობის" გარდა ინდოეთში "თეთრი ობი", ასევე მუკორმიკოზის მესამე სახეობა - ყვითელი, შავი და თეთრის ჰიბრიდი ცირკულირებს.

მუკორმიკოზი ყველაზე ხშირად ფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში, დიაბეტიან პაციენტებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებებში იმყოფებიან და მათში, ვინც სტეროიდების დიდ დოზებს იღებს. დაბალი იმუნიტეტის გამო, ჰაერში არსებულმა სოკოებმა, შესაძლოა, დააინფიციროს სინუსები, მოხვდეს თვალებში და ტვინშიც კი, რამაც, შესაძლოა, ფატალური შედეგები გამოიწვიოს.

მუკორმიკოზის ინფექცია ვითარდება ობის სოკოების სპორების ჩასუნთქვის შედეგად. ეს ინფექცია ყველაზე ხშირად აზიანებს ცხვირს, სინუსებს, თვალებსა და ტვინს – ინფექციის ამ ფორმას უწოდებენ რინოცერებრულ მუკორმიკოზს. ეს მძიმე და პოტენციურად ფატალური ინფექცია ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ, რაც შეიძლება სხვადასხვა დარღვევით იყოს გამოწვეული.

მუკორმიკოზის სიმპტომებია: ტკივილი, ცხელება და თვალბუდის ინფექცია (ორბიტალური ცელულიტი), რასაც თან ახლავს დაზიანებული თვალის ამობურცვა (ეგზოფთალმი). შეიძლება ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი გაჩნდეს. ინფექციის შედეგად შეიძლება დაზიანდეს პირის ღრუს სასა, თვალბუდის გარშემო არსებული სახის ან სინუსების ძვლები, ან ნესტოებს შორის არსებული ძგიდე. ტვინში განვითარებულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, ნაწილობრივი დამბლა და კომა.

ფილტვების მუკორმიკოზი იწვევს ცხელებას, ხველასა და ზოგჯერ სუნთქვის გაძნელებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system