თავში

ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა
ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ინგლისში 4 კვირით საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება.

კარანტინი ძალაში 5 ნოემბერს შევა და 2 დეკემბრამდე გაგრძელდება. მოსახლეობას სახლის დატოვება მხოლოდ რამდენიმე მიზნით შეეძლება, მათ შორის არის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან სამსახურში წასვლა, ვარჯიში, პირველადი მოხმარების პროდუქტების და მედიკამენტების შეძენა ან დახმარების საჭიროების მქონე პირთა მზრუნველობა.

ისევე, როგორც გაზაფხულზე გამოცხადებული კარანტინის დროს, დაიხურება ბარები და რესტორნები, ასევე ის მაღაზიები, სადაც პირველადი მოხმარების პროდუქტები არ იყიდება. იმუშავებს მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისი. განსხვავებით წინა კარანტინისაგან, არ დაიხურება სკოლები და უნივერსიტეტები.

მთავრობა აამოქმედებს სუბსიდირების სქემას, რომლის მიხედვითაც მათ, ვინც სამსახურს კარანტინის გამო დროებით დაკარგავს, ხელფასის 80% აუნაზღაურდება.

ბოლო მონაცემებით დიდ ბრიტანეთში ვირუსი პანდემიის დაწყების შემდეგ 1 011 660 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 46 555 ადამიანი. უკანასკნელი კვირის განმავლობაში ბრიტანეთში ყოველდღიურად ინფიცირების საშუალოდ 23 000 ახალი შემთხვევა აღირიცხებოდა.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ზომები გამკაცრდა იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთშიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system