თავში

ისრაელი ისევ იბომბება, რაკეტას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ისრაელი ისევ იბომბება, რაკეტას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა
ისრაელი ისევ იბომბება, რაკეტას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ისრაელის რამდენიმე ქალაქში განგაშის სისტემები ისევ ამოქმედდა. მას შემდეგ, რაც ჰამასმა ქვეყანაში ახალი სამიზნეების შესახებ განაცხადა, სარაკეტო იერიში რამდენიმე ქალაქზე განხორციელდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სდეროტში რაკეტა საცხოვრებელ სახლს დაეცა. 7ადამიანი დაიჭრა, 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. დაჭრილთა შორის კიდევ ერთი ბავშვია, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

განგაშის სისტემების ხმა თელ-ავივსა და გუშ-დანეში ისმის. მოსახლეობა დაცულ ოთახებსა და სპეციალურ ბუნკერებს აფარებს თავს.

ჰამასის ცნობით, ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვეს. სდეროთის გარდა საცხოვრებელ სახლში მოხვედრა აშკელონშიც დაფიქსირდა.

ამჟამად ბუნკერებში ხოლონის, რიშონ ლე-ციონის, იავნეს, აშკელონის, სდეროთის და ისრაელის სხვა სამხრეთ დასახლებული პუნქტების მოსახლეობა იმალება.

ამასთან, ქალაქ ლოდში არაბებსა და ებრაელებს შორის მასობრივი არეულობების გამო პოლიციამ "კომენდანტის საათი" გამოაცხადა. "საგანგებო რეჟიმი" ადგილობრივი დროით 20:00-დან დაიწყო.

მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დატოვება ეკრძალება. ქალაქის შესასვლელში საკონტროლო-გამშვები პუნქტები განთავსდა.

გადაუდებელ შემთხვევებში გადაადგილების მსურველებმა ამის შესახებ პოლიციას უნდა აცნობონ.

ისრაელსა და ჰამასს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება პიკს აღწევს და საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს. ვითარება შესაძლოა კონტროლიდან გავიდეს.

ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიში დღეს დილით განახორციელა. შეტევის შედეგად ცხრასართულიანი შენობა დაინგრა და 35 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ისრაელმა ღაზას სექტორზე შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასმა“ თელ-ავივისა და ცენტრალური ისრაელის ქალაქების მიმართულებით ათასზე მეტი რაკეტა გაუშვა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმა ქალაქ ლოდზეც განხორციელდა. დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი შვიდი წლის გოგონაა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა.

ისრაელის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ღაზას სექტორში რადიკალების ყველა გვირაბი არ იქნება განადგურებული.

პალესტინის ჯგუფებმა 11 მაისს ისრაელის ქალაქ აშდოდის დაბომბვა დღის 13:00 საათზე დაიწყეს.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად, თელ-ავივის მახლობლად, ქალაქ რიშონ ლეციონში ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის 5 წლის ბავშვი.

ისრაელის არმიამ დანაყოფების გასაძლიერებლად 5000 რეზერვისტი გამოიძახა.

თელ-ავივში, სარაკეტო იერიშებისგან თავდასაცავად, მოქალაქეებისთვის თავშესაფრები გახსნეს. თუმცა, ამ ეტაპზე თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები არ განხორციელებულა.

11 მაისის ღამით დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 630 რაკეტა გაუშვა. აქედან 150 ღაზას სექტორის შიგნითვე აფეთქდა. ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ დაახლოებით 200 მათგანის შეკავება შეძლო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system