თავში

ისრაელის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელა - განახლებულია

ისრაელის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელა
ისრაელის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელა - განახლებულია

ისრაელის პრეზიდენტმა, რუვენ რივლინმა ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს დაავალა. 

კანონის თანახმად, ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირებისთვის 28 დღე ექნება და ამ ვადის გაგრძელება ორი კვირით იქნება შესაძლებელი. 

იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერ-მინისტრი კოალიციური მთავრობის ფორმირებას ვერ მოახერხებს, რუვენ რივლინი სხვა კანდიდატს აირჩევს ან მისი არჩევის თხოვნით ქნესეთს  მიმართავს.

-11:21-

ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი, 6 აპრილს, 24-ე მოწვევის ქნესეთიდან იმ დეპუტატს დაასახელებს, რომელიც მთავრობის ფორმირებას მოახდენს.

პრეზიდენტმა 13 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან კონსულტაციები უკვე გამართა, რომლებიც ქნესეთში 23 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოხვდნენ. კონსულტაციების რაუნდის შემდეგ, ქნესეთის 52 წევრმა რეკომენდაცია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კანდიდატურას გაუწია, 45 დეპუტატმა ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი დაასახელა, შვიდმა პარლამენტარმა კი პარტია "იამინის" თავმჯდომარე ნაფტალი ბენეტი წარადგინა. სამმა პარტიამ, რეკომენდაცია არც-ერთ კანდიდატს არ გაუწია.

”ორშაბათს, 5 აპრილს, პრეზიდენტმა რივლინმა ჩაატარა კონსულტაციების რაუნდი 24-ე ქნესეთში არჩეული ყველა პარტიის წარმომადგენლებთან. პრეზიდენტი გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას კანდიდატის შესახებ, რომელსაც ის მთავრობის ფორმირებას დაავალებს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი კანდიდატს დაასახელებს, კანონის მიხედვით მას 28 დღე მიეცემა ახალი მთავრობის შესაქმნელად. დამატებითი ვადის საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტს უფლება აქვს გააგრძელოს ვადა კიდევ 14 დღით ", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ისრაელის საზოგადოებრივი რადიო KAN იუწყება, იმ შემთხვევაში, თუ პარტიების მხრიდან არ გამოჩნდება ახალი რეკომენდაციები, პრეზიდენტი ნეთანიაჰუს მანდატს სამშაბათს მიანიჭებს.

ცნობისთვის, არჩევნების შედეგად პარტია "ლიკუდმა" ქნესეთში 30 ადგილი მოიპოვა, მთავარმა ოპოზიციურმა პარტია "ეშ ატიდმა"  კი 17. როგორც წესი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იმ პარტიის ლიდერი ხდება, რომელმაც მანდატების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა, თუმცა პრეზიდენტმა, შესაძლოა, ის პოლიტიკოსი დაასახელოს, რომელიც პარლამენტში შეძლებს კოალიციის ჩამოყალიბებას, მხარდაჭერით 120 პარლამენტარიდან 61-ით. 

თუ პარლამენტარებმა არჩევნების შედეგების შემდეგ ვერ შექმნეს სამთავრობო კოალიცია, გამოცხადდება ხელახალი არჩევნები, რომელიც ისრაელში მეხუთე გახდება ორნახევარი წლის განმავლობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system