თავში

თურქეთმა სტამბოლის კონვენცია დატოვა

თურქეთმა სტამბოლის კონვენცია დატოვა
თურქეთმა სტამბოლის კონვენცია დატოვა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, ქვეყანამ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია ე.წ. სტამბოლის კონვენცია დატოვა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქეთში, რომელმაც ხელშეკრულებას 2011 წელს მოაწერა ხელი, გასულ წელს ფემიციდების ზრდა დაფიქსირდა.

კონვენციის დატოვების ოფიციალური მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა თურქი კონსერვატორების განცხადებით, სტამბოლის კონვენცია  ძირს უთხრის ოჯახის სტრუქტურას, რაც ხელს უწყობს ძალადობას. ისინი ასევე ეწინააღმდეგებიან სტამბოლის კონვენციით განმტკიცებულ გენდერული თანასწორობის პრინციპს.

„ქალთა უფლებების დაცვა გარანტირებულია ჩვენი შიდა კანონმდებლობითა და კონსტიტუციით. ჩვენი სასამართლო სისტემა საკმარისად დინამიკური და ძლიერია, რომ ყველა საჭირო რეგულაციის დანერგვა უზრუნველყოს“, - აცხადებს თურქეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი ზეჰრა ზუმრუტი.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი  ქალთა მიმართ ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ მისი მთავრობა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად შესაბამის დადგენილებებზე იმუშავებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თურქეთში ქალების 38% პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია. 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია თურქეთის გარდა 33 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ არის რატიფიცირებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system