თავში

მძარცველებს მიეცათ საშუალება, რამდენიმე საათი ემუშავათ საცავში - "ინტელექსპრესი" განცხადებას ავრცელებს

მძარცველებს მიეცათ საშუალება, რამდენიმე საათი ემუშავათ საცავში
მძარცველებს მიეცათ საშუალება, რამდენიმე საათი ემუშავათ საცავში - ინტელექსპრესი განცხადებას ავრცელებს

მათი გულგრილი დამოკიდებულებით მოხდა მძიმე დანაშაული - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ფილიალის ძარცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ინტელექსპრესის“ განცხადებაში ვკითხულობთ, ძარცვის დროს, ობიექტზე სიგნალიზაცია ჩაირთო თუმცა დაცვის პოლიციამ მიმდინარე ტერიტორია სრულად არ დაათვალიერა.

„სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ცნობა 19 სექტემბერს გამთენიისას „ინტელექსპრესში“ მომხდარი ძარცვის შესახებ. ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლით, გავაკეთოთ შემდეგი სახის განცხადება:

19 სექტემბერს, გამთენიისას, 04:06 საათზე, ქ. ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ინტელექსპრესის“ ფილიალში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საფინანსო დაწესებულების უსაფრთხოების პირობებს და გააჩნია საბანკო მოთხოვნების დაცვით ფულის საცავი, აღჭურვილია სიგნალიზაციის ყველა თანამედროვე საშუალებით, რომლის უსაფრთხოებასა და დაცვაზე კონტრაქტი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთანაა გაფორმებული, განგაშის სიგნალი ჩაირთო. ცხრა წუთში ობიექტთან გამოცხადდა დაცვის პოლიციის ორი თანამშრომელი. მათ დააფიქსირეს, რომ განგაში მოდიოდა საცავიდან, შევიდნენ შენობაში, მაგრამ მხოლოდ გარედან დაათვალიერეს საცავის კარი, კედლები და ჩათვალეს, რომ იყო მცდარი განგაში. გაჩერდნენ დაახლოებით 6-7 წუთის განმავლობაში და დატოვეს ობიექტი ისე, რომ, მიუხედავად მათი ვალდებულებისა, არ გამოიძახეს ფილიალის მმართველი და არ მოითხოვეს საცავის გახსნა, ანუ არ დაათვალიერეს ადგილი საიდანაც მოდიოდა განგაშის სიგნალი. დაცვის პოლიციამ ასევე არ მოახდინა საცავის გარე მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, რის შედეგადაც, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, დამნაშავეებს მიეცათ საშუალება, რამდენიმე საათი ემუშავათ საცავში.

დილის ცხრა საათზე შესულ თანამშრომელს დახვდა შემდეგი სურათი: საცავის 40-50 სანტიმეტრი სისქის ბეტონის იატაკში ამოჭრილი იყო 60X60 სანტიმეტრის ხვრელი, ხოლო რკინის სეიფი, სადაც თანხა ინახებოდა, იყო გაჭრილი და თანხა კი, წაღებული. რაც შეეხება ზარალს, მიყენებული ზარალი შეადგენს სხვადასხვა ვალუტაში ჯამში 300 000 ლარამდე.

მომხდარის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა პოლიციას და კომპანია სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან. აღნიშნულმა ფილიალმა საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდგომ, მეორე დღესვე, გააგრძელა სრულფასოვანი მუშაობა. პარალელურად კი, ქალაქ ქუთაისში სხვა, ორი სერვისცენტრი შეუფერხებლად ფუნქციონირებდა. გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ჩადენილ იქნა კარგად ორგანიზებული ძარცვა, რომლის აღკვეთა ხელეწიფებოდა დაცვის პოლიციას და რბილად რომ ვთქვათ, მათი გულგრილი დამოკიდებულებით მოხდა მძიმე დანაშაული, რომლის ჩადენამ „ინტელექსპრესს“ მნიშვნელოვანი ზიანი ვერ მიაყენა, თუმცა მსგავსი ძარცვა თავისი შინაარსით ბოლო პერიოდში ფინანსურ დაწესებულებებში არ მომხდარა. „ინტელექსპრესი“ იტოვებს იმედს, რომ სამართალდამცავი ორგანოები გააკეთებენ მაქსიმუმს, რათა იპოვონ დამნაშავეები და გამოავლინონ ის პირები, რომელთაც გულგრილობითა და არაკეთილსინდისიერი ქმედებითაც ხელი შეუწყვეს დანაშაულის ჩადენას. „ინტელექსპრესი“, საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაა. იგი ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, უკრაინასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოებში. იგი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი როგორც – საკუთარი ფილიალების მეშვეობით, ასევე პარტნიორი ბანკებითა და აგენტების ქსელით“, – აღნიშნულია განცხადებაში

ცნობისთვის, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესიდან" ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები წაიღეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system