თავში

"ციხეს ვერ აიღებ, მაგრამ გზა უნდა ჩახერგო" - სუსი ჩანაწერს ასაჯაროებს

"ციხეს ვერ აიღებ, მაგრამ გზა უნდა ჩახერგო" - სუსი ჩანაწერს ასაჯაროებს
ციხეს ვერ აიღებ, მაგრამ გზა უნდა ჩახერგო - სუსი ჩანაწერს ასაჯაროებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ფარულ აუდი-ჩანაწერს, რომელიც, სუსის ინფორმაციით, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი და სასამართლო განჩინების საფუძველზეა მოპოვებული. 

საუბარში, სავარაუდოდ ბესიკ წერედიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ეტაპირებისას ქაოსი და გზების ბლოკირება უნდა მოხდეს. საუბარია მაიდნის სცენარის გამეორებაზეც. 

"ციხეს ვერ აიღებ, ამას სჭირდება პარტიის რესურსი. გუშინ გვქონდა ამაზე საუბარი, მაგრამ როგორ გადაწყდება ეს არის - მიიყვან მანქანებს, 100-150 მანქანას, ჩაკეტავ. გლდანის ციხის ირგვლივ არის გზები, უბრალოდ უნდა ჩახერგო ერთი 500-600 კაცი სჭირდება მობილიზებული. ვერ იზამენ ვერაფერს, როგორც კი დასჭირდება გადაყვანა. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მაინც მაიდანი მოგვიწევს ბოლოს, იმიტომ, რომ ესენი არჩევნებით არსად წავლენ, თუ არ ჩამოიშალა სისტემა, მაგრამ აქამდე უნდა მიიყვანო პროცესი. ამათ იმდენად საზიზღარი მეთოდებით მოუწევთ მეორე ტურის გაყალბება რომ ჩვენ ქუჩაში მოგვიწევს გამოსვლა. ქუჩაში ჩვენ რომ გავალთ, რომ წავა ეს პროცესები, ამისი მართვა შეუძლებელია წვრილმანების დონეზე, თორე გლობალურად შეიძლება მართო პროცესები ქუჩაში, მაგრამ წვრილმანებშუ ვერ მართავ და იქ ერთი ადამიანი, ორი და სამი ადამიანი დაზიანდება, მერე უკვე პროცესი წავა უმართავი" - ამბობს საუბარში პირი, რომელიც, სუს-ის ინფორმაციით, ბესიკ წერედიანია. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო ხელისუფების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას. 

"გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში მის გლდანის ნომერ მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას ითვალისწინებს. მათ განზრახული აქვთ, აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელებით, გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით, ხელი შეუშალონ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს," - განაცხადა სუს-ის სუს-ის კონტრტერორსტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩანა მგელაძემ. 

როგორც სუსში- განაცხადეს, ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენეს პენიტენციური დაწესებულება, ხოლო საქმის ფიგურანტებმა უარი თქვეს დაკითხვაზე, რის გამოც ისინი სასამართლოში, კანონმდებლობის შესაბამისად გამოიკითხებიან. ვინ არიან საქმის ფიგურანტები, ლილუაშვილის უწყებაში არ დააკონკრეტეს.

სუს-მა აუდიომტკიცებულებაც წარმოადგინა, რომელიც მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერეს. ჩანაწერი 2 საათიანია და ის სისხლის სამართლის საქმეს თან აქვს დართული. 

ლილუაშვილის უწყების წარმომადგენლის თქმით, საუბარი მიმდინარეობს ენმ-ს წევრებს შორის, რომელთანაგან ერთ-ერთი ბესო წერედიანია; 

უწყების ბრიფინგზე აღნიშნული ჩანაწერის მხოლოდ ერთი ფრაგმენტი გასაჯაროვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system