თავში

COVID-19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

COVID-19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
COVID-19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

საკონსულტაციო ანალიტიკურმა ჯგუფმა "თიბისი კაპიტალმა" ივნისში კიდევ ერთხელ შეაფასა COVID-19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და დაასკვნა, რომ საბაზო სცენარით 2020-21 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინი უცვლელია: 2020 წელს ეკონომიკა 4.5-5.5%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს ზრდა 5.0-6.0% ფარგლებში იქნება.

სპეციალისტების შეფასებით, საერთაშორისო ბაზრებზე განწყობა შედარებით მოკლე რეცესიაზე მიუთითებს, ხოლო საერთო გაუმჯობესებასთან ერთად, რეგიონის ქვეყნებში ეპიდ-სიტუაცია კვლავ რთულია, რამაც საზღვრების გახსნის გადადება გამოიწვია. 

წინა შეფასებასთან შედარებით, 2020 წლის ტურისტული შემოდინებების პროგნოზი გაუარესებულია.

"ტურისტული შემოდინებების და FDI-ს პროგნოზის გაუარესების, და მოსალოდნელზე ნაკლები ფისკალური სტიმულის ეფექტს ექსპორტის და გზავნილების შედარებით გაუმჯობესებული მოლოდინები აბალანსებს. ჯამურად საბაზო სცენარით 2020-21 წლებში ეკონომიკური ზრდის მოლოდინი უცვლელია: 2020 წელს ეკონომიკა 4.5-5.5%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს ზრდა 5.0-6.0% ფარგლებშია," - ვკითხულობთ დოკუმენტში.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მომდევნო თვეებში სავალუტო დანაკლისის გაზრდაა მოსალოდნელი, თუმცა ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუფასურება ნაკლებსავარაუდოა, რადგან ვალუტის მიწოდება ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ განხორციელდება.

მაისის პროგნოზთან შედარებით შემცირებულია ინფლაციის (5.0%-დან 4.5%-მდე) და რეფინანსირების განაკვეთის (8.0%-დან 7.75%-მდე) მოლოდინები.

"2020წ. თებერვალთან შედარებით, მაისში ხელფასი დაქირავებით დასაქმებულთა 11%-ს არ ჩაერიცხა, რაც 91,000 ადამიანს შეადგენს; აპრილთან შედარებით, ეს რიცხვი 11,700 ადამიანით არის გაზრდილი. შედარებით მკვეთრი შემცირებებია HORECA და ვაჭრობის სექტორებში. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ეტაპობრივი ნორმალიზაცია შეიმჩნევა რასაც სახელმწიფო მხარდაჭერის გეგმის ამოქმედება მნიშვნელოვნად დააჩქარებს. სასტუმროების სექტორში ჯავშნების დინამიკა მზარდია, ძირითადად შიდა ტურიზმის ხარჯზე, თუმცა საზღვრების გასნის გადადების ფონზე, სექტორის მოლოდინების 2020 წლისთვის რამენადმე გაუარესებულია," - წერია "თიბისი კაპიტალის" მიმოხილვაში.

მათივე შეფასებით, ამჟამად უნაღდო დანახარჯების წლიური ცვლილება სექტორების ნაწილში მზარდი დინამიკით ხასიათდება, თუმცა მნიშვნელოვანია უნაღდო ანგარიშსწორების წილის ზრდა და რიგ შემთხვევაში სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 917 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 776 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 14 პაციენტი, ხოლო საზღვარგარეთ გარდაცვლილია საქართველოს 16 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2687 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 260.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system