თავში

გარესმოსდაცვითი ვალდებულებების გადავადების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა

გარესმოსდაცვითი ვალდებულებების გადავადების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა
გარესმოსდაცვითი ვალდებულებების გადავადების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძისთვის ბიზნესის წუხილი გარემოსდაცვითი ვალდებულებების აღსრულების ხარჯებთან დაკავშირებით მიუღებელია. ბითაძე აღიარებს, რომ პანდემიამ დაასუსტა ბიზნესი, თუმცა მისი შეფასებით ყველაზე ნაკლებად დაზარალდა სექტორი, რომლებიც აწარმოებენ სამშენებლო სექტორისთვის აუცილებელ პროდუქტებს. რადგან გარემოსდაცვითი ვალდებულებები ძირითადად ამ სექტორს უჩნდება, ბითაძე მიიჩნევს, რომ გადაჭარბებულია ბიზნესის მხრიდან ამ ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო თანხის მობილიზებაზე "წუწუნი".“აქ საუბარია ისეთ წარმოებებზე, რომლებიც ძირითადად აწარმოებენ სამშენებლო სექტორისთვის აუცილებელ ნედლეულს და პროდუქტებს, ეს არის ცემენტი, ლითონი და ა.შ. რა თქმა უნდა, პანდემიამ დიდი გავლენა იქონია ბიზნესზე, მაგრამ თუ დავაკვირდებით, ყველაზე ნაკლები ზეგავლენა იქონია იმ ბიზნესზე, რომლებიც აწარმოებენ სამშენებლო სექტორისთვის აუცილებელ პროდუქტებს. უფრო მეტიც, გასული წლის განმავლობაში ხელისუფლების სუბსიდირების პროგრამის შედეგად, არათუ შემცირდა, არამედ გაიზრადა გაყიდვები, შესაბამისად, არცერთი დღით მშენებლობა არ შეჩერებულა, როგორც სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ერთი დღით არ შეჩერებულა კერძო სამშენებლო საქმიანობა. ასე რომ პანდემიასთან ამ ყველაფრის მიბმა არარელევანტურია. უფრო მეტიც, ძალიან რთული იქნება იმის შედარება, რა უფრო მძიმეა - ადამიანის ფილტვები აივსოს მავნე ნივთიერებებით, თუ დავზოგოთ თანხები და ვიყოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც არ ზრუნავს საკუთარ მოქალაქეზე”,- აცხადებს მაია ბითაძე.შეგახსენებთ, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის” შესახებ, რომელიც საქართველოში მოქმედ საწარმოებს ახალ ვალდებულებებს აკისრებს. ცვლილებები სულ საქართველოს 7 კანონში შევიდა, მათ შორის “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მდებარე მსხვილ საწარმოებს ჰაერის მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მოუწევთ. ჰაერის დაბინძურების გაკონტროლების ვალდებულება სულ 85 საწარმოს უჩნდება. საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი, მათ შორის „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონშიშესული ცვლილება მიმდინარე წელს, ხოლო გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის დიდი ნაწილი, 2022 წლის 1 ივლისიდან შევა ძალაში, რაც კანონქვემდებარე აქტების მიღებისა და აღსრულების ეფექტიანად განხორციელებისთვის, სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერების უზრუნველყოფით არის განპირობებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კანონპროექტი ევროკავშირის დახმარებით შეიმუშავა. კანონპროექტზე მუშაობის პროცესში აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო სექტორთან. კანონპროექტი პირველი ორი მოსმენით მე-9 მოწვევის პარლამენტმა მიიღო და მე-10 მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა.

შეგახსენებთ, 2021-24 წლებში საქართველოში მწვანე ეკონომიკა გააქტიურდება. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტით, 1 ივნისიდან საქართველოში მოქმედი 85-მდე საწარმო ვალდებულია დაბინძურების წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა აღრიცხვა განახორციელოს და დანერგოს თვითმონიტორინგის სისტემები, რაც სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბიზნესი ამ ვალდებულებების შესასრულებლად მზად არ არის და გარემოსდაცვითი ვალდებულებების გადავადებას ითხოვს. მათ გარემოსდაცვით ჯარიმებთან დაკავშირებითაც აქვთ შენიშვნები.

თვითმონიტორინგის სისტემის მოწყობა თითოეულ მავნე ნივთიერებაზე - და ასეთი სულ 6-ია - საშუალოდ 10-15 ათასი ევრო ღირს. ბიზნესი აცხადებს, რომ თითოეული გაფრქვევის წერტილისთვის თითო დანადგარია საჭირო, რაც მთლიანობაში სერიოზულ დანახარჯებს ნიშნავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system