თავში

ინფრასტრუქტურული პროექტების გავლენა მიგრაციულ პროცესებზე

ინფრასტრუქტურული პროექტების გავლენა მიგრაციულ პროცესებზე
ინფრასტრუქტურული პროექტების გავლენა მიგრაციულ პროცესებზე

სპეციალისტების შეფასებით, რეგიონების განვითარება უნდა დაიწყოს ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურებითა და წარმოების გაძლიერებით, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ფიქრობს, რომ ამ გზით შესაძლებელია ხალხი რეგიონებს დაუბრუნდეს და დისბალანსი რეგიონებსა და ცენტრს შორის გამოსწორდეს. 

პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ რეალურ გზად აკადემიკოსი ავთო სილაგაძე რეალური სექტორის განვითარებას მიიჩნევს.

,,სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე მთლიანი შიგა პროდუქტის ნახევარიც კი არ მოდის.მთელი სამუშაო ძალა თბილისშია თავმოყრილი და რეგიონის როლი დაკნინებულია. ინფრასტრუქტურული განვიტარებით შესაძლებელია, რომ რეგიონმა დაიბრუნოს მიმზიდველობა. ამისთვის უნდა აშენდეს გზები, გასართობი და კულტურული პროექტები განახორციელონ, რომ ყველა თაობისთვის იყოს რეგიონი საინტერესო. ინვესტიციები, გრანტები და საბიუჯეტო სახსრები არა სოციალური ტიპის პროექტებში, არამედ სწორედ ამ საჭიროებებს უნდა მოხმარდეს, რაც რეალური სექტორის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია. ეკონომიკურად ეს გაცილებით მეტ ეფექტს მოგვცემს და რეგიონის განვითარებაში დაგვეხმარება", - აცხადებს ავთო სილაგაძე report.ge-თან.

რეგიონის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობს პროფესორი პაატა აროშიძე, თუმცა ამბობს იმასაც, რომ ეს ვერ გახდება წინაპირობა, რომ ხალხი რეგიონებს დაუბრუნდეს, რაც მისივე თქმით, სოციალურ პრობლემაზე მეტად, მენტალური ფაქტორით არის გამოწვეული.

,,კარგია, რომ მთავრობა რეგიონების განვითარების მხრივ აქტიურ ნაბიჯებს დგამს, ,,განახლებული რეგიონები" ამ მხრივ დიდ იმედს იძლევა, თუმცა ამ პროექტს ვერ განვიხილავთ, როგორც   ხალხის დაბრუნების შესაძლებლობას, რომელიც უკვე დიდი მენტალური პრობლემაა. შეიძლება, რაიონში მცხოვრებლებს გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ, ვიდრე ქალაქში, მაგრამ ადამიანები მაინც აქეთკენ მოილტვიან. როგორმე უნდა შევძლოთ მანკიერ პრაქტიკასთან ბრძოლა, ამისთვის კი ხალხმა მომავალი განვითარების პერსპექტივა უნდა დაინახოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობის მხრიდან რა ღონისძიებებიც არ უნდა განხორციელდეს, შედეგს ვერ მივიღებთ", - აცხადებს აროშიძე.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში პროექტების შესარჩევად კომისიის პირველი სხდომა დღეს ქუთაისში გაიმართა. იმერეთის შემდეგ, მიმდინარე კვირის განმავლობაში, კომისიის სხდომები გაიმართება რაჭაში, გურიაში, სამეგრელოსა და ააჭარაში. კომისიის პირველ სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system