თავში

მადრიდში პრეზენტაცია "საქართველო - ღვინის აკვანი“ გაიმართა

მადრიდში პრეზენტაცია "საქართველო - ღვინის აკვანი“ გაიმართა
მადრიდში პრეზენტაცია საქართველო - ღვინის აკვანი“ გაიმართა

მადრიდში გამართულ პრეზენტაციაში „საქართველო - ღვინის აკვანი“ მონაწილეობა ქართული დელეგაციის წევრებმა მიიღეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პრეზენტაცია ევროპის პრესტიჟულ ბიზნესსკოლაში, მადრიდის IE უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის, ბიზნესწრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, ქართული ღვინის ისტორიაზე ისაუბრეს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება ქართული ღვინის ისტორიით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ბიზნესსკოლის დაინტერესების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ქართული ღვინის პოპულარიზაციის გაზრდის და მის შესახებ ცნობადობის ამაღლების საქმეში.

„მისასალმებელია, რომ მადრიდის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ბიზნესსკოლა, სადაც ქართველებიც სწავლობენ, დაინტერესდა ქართული ღვინის წარმატების ისტორიით და შექმნა case study ქართულ ღვინოზე. ეს ფაქტი ხელს შეგვიწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციაში, ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებაში, რამდენადაც ამ უნივერსიტეტში სწავლობენ ბიზნესით დაინტერესებული სტუდენტები მთელი მსოფლიოდან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ისაუბრა იმ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის შესახებ, რომლის გადადგმა ღვინის ინდუსტრიაში უახლოეს მომავალში იგეგმება. მისი განმარტებით, გარდა იმისა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ღვინის წარმოების განსაკუთრებული მეთოდები გააჩნია, საჭიროა მეტი კომერციალიზაცია და, გრძელვადიან გეგმაში, აქცენტი სწორედ ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდაზე გაკეთდება.

ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ტურიზმის გამოფენის შესახებაც ისაუბრა, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. მინისტრმა ტურიზმის ინდუსტრიაში გამოკვეთილ ახალ ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველოსთვის ტურიზმის სექტორი ყოველთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, პანდემიამ მნიშვნელოვნად შეამცირა ტურისტული ნაკადები მთელს მსოფლიოში და დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა ტურისტული ინდუსტრია. თუმცა, უკვე გაზრდილია აქტივობა და მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება პანდემიამდელ მდგომარეობას. ახალი ტენდენციები, რომლებიც თვალსაჩინოა, არის მეტი ინტერესი ეკოტურიზმის, აგრო და ღვინის ტურიზმის მიმართულებებით, რაშიც საქართველოს განსაკუთრებული უპირატესობები გააჩნია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პრეზენტაციას „საქართველო - ღვინის აკვანი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე დაესწრნენ.

ტურიზმი საქართველოში პრიორიტეტული დარგია, რასაც ამტკიცებს ისიც, რომ მადრიდის ტურიზმის გამოფენაზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გახსნა და დაათვალიერა, რომელსაც საგამოფენო ცენტრი IFEMA მასპინძლობს. მთავრობის მეთაური მადრიდში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, საქართველოს ტურისტულ სტენდს გაეცნო.

ღონისძიებაში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. მსოფლიო ქართულ სათავგადასავლო, ღვინის, ეკო, აგრო და გასტროტურიზმს ეცნობა.

საქართველოს საპრეზენტაციო სტენდი საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს შეუძლიათ, თვალი ადევნონ ვიდეორგოლებს საქართველოს შესახებ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერებით არის შეფუთული საერთაშორისო გამოფენის შესასვლელი და დასასვენებელი სივრცეები. საინფორმაციო ბანერები განთავსებულია ყველა საფეხმავლო ბილიკზე.

საერთაშორისო გამოფენაში წელს 100-მდე ქვეყანა მონაწილეობს. მადრიდის წლევანდელ გამოფენაში 261 ათასი დამთვალიერებელი ჰყავს. გამოფენაზე 165 ქვეყანაა წარმოდგენილი, გამოფენას 11 ათასი კომპანია და 7 ათასზე მეტი ჟურნალისტი ესწრება.

ტურიზმის სტიმულირებისთვის, საქართველოს მთავრობა სახმელეთო საზღვრების გახსნაზე მუშაობს. ქვეყანას ღია აქვს საჰაერო საზღვრები, თუმცა სახმელეთო საზღვრების გახსნა 2021 წლის ზაფხულისთვის განიხილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system