თავში

მაია ცქიტიშვილი: ოპოზიციის ბრალდება სპეკულაციურია

მაია ცქიტიშვილი: ოპოზიციის ბრალდება სპეკულაციურია
მაია ცქიტიშვილი: ოპოზიციის ბრალდება სპეკულაციურია

"სპეკულაციები და ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ღონისძიებებს აქვს წინასაარჩევნო ხასიათი, რა თქმა უნდა, აზრს და საფუძველს მოკლებულია," - ასე შეაფასა ვიცე-პრემიერმ მაია ცქიტიშვილმა ოპოზიციის განცხადებები იმაზე, რომ მთავრობის ახალი სოციალური დახმარებების პაკეტი ამომრჩემლის მოსყიდვაა და არა ეკონომიკაზე ზრუნვა.

„შეგახსენებთ, რომ სამი თვის წინ ჩვენ ოპოზიციისგან საპირისპირო ბრალდებები გვესმოდა, რომ სახელმწიფო არ ზრუნავდა თვითდასაქმებულებზე, სახელმწიფო არ ზრუნავდა სტუდენტებზე, სახელმწიფო არ ზრუნავდა ბავშვებიან ოჯახებზე და ასევე ბევრი ბრალდება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო არ იყენებდა მის ხელთ არსებულ რესურსს იმისთვის, რომ გაგვეწია დახმარება სწორედ იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, რომლებსაც დღეს უკვე ვთავაზობთ შემუშავებულ, გააზრებულ და კარგად გათვლილ პაკეტს.

ასევე თქვენ გახსოვთ, რომ მარტში, როდესაც კოვიდი დაიწყო და ეპიდემიოლოგიური ფონი გვქონდა, როდესაც პირველი პაკეტი შევთავაზეთ მოსახლეობას, მაშინაც გვესმოდა ოპოზიციის მხრიდან არარეალური დაპირებები, არარეალური კრიტიკა. მაშინაც ვამბობდით, რომ ნებისმიერი ჩვენი დაპირება, ნებისმიერი ჩვენი პაკეტი ეფუძნება პირველ რიგში ჩვენს შესაძლებლობებს, ჩვენი ბიუჯეტის პარამეტრებს და რა თქმა უნდა, ის უნდა ყოფილიყო კარგად გათვლილი. სწორედ ამიტომ, ხანდახან შეიძლება ოპოზიციასთან შედარებით სახელმწიფოს ცოტა მეტი დრო სჭირდებოდეს გააზრებული და განხორციელებადი პაკეტი შესთავაზოს თავის მოქალაქეებს, რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები იმ ადამიანების მხრიდან, ვინც სწორედ ამ პაკეტის არგაცემის გამო აკრიტიკებდა მთავრობას. ოპოზიციის მიერ გაკეთებული კომენტარები 1-2 თვის წინ იძლევა საშუალებას შევაფასოთ ვინ ზრუნავს მოქალაქეებზე და ვინ იყენებს თუნდაც საპარლამენტო ტრიბუნას მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის.

სპეკულაციები და ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ღონისძიებებს აქვს წინასაარჩევნო ხასიათი, რა თქმა უნდა, აზრს და საფუძველს მოკლებულია. პირველივე დღიდან ვზრუნავდით მოქალაქეებზე და ამ ზრუნვას გავაგრძელებთ ნებისმიერ პერიოდში - წინასაარჩევნო პერიოდშიც და საარჩევნო პერიოდშიც. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა, ჩვენი ვალი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ეგახსენებთ, მთავრობა მოქალაქეების დახმარების მესამე ეტაპს იწყებს. ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი, რომელიც თვითდასაქმებულების დახმარებას ითვალისწინებდა, დაიხურა.

ერთადერთი, რაც სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მესამე ეტაპის შესახებაა ცნობილი, არის ის, რომ მთავრობა კომუნალურ გადასახადებს მოსახლეობას ზამთარშიც გადაუხდის. ასევე 17 წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქე დახმარებას მიიღებს. ყველა სტუდენტს, რომელსაც სოციალური ქულა 150 ათასამდე აქვს, სახელმწიფო ერთი სემესტრის, 2020-2021 სასწავლო წელს აუნაზღაურებს. ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას 300-ლარიანი დახმარებისთვის მიმართა, მათ შორის ისინი, ვინც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და დახარვეზდა, 300-ლარიან დახმარებას მიიღებს. სხვა დეტალი, კიდევ დახმარების რა პაკეტს შესთავაზებს მთავრობა მოქალაქეებს, ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

მთავრობის სოციალური დახმარების ახალი პაკეტის ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია. ახალი სოციალური დახმარებები ნაწილობრივ სტოპკოვ ფონდში მობილიზებული თანხიდან ფინანსდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system