თავში

დახარვეზებული თვითდასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

დახარვეზებული თვითდასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ
დახარვეზებული თვითდასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას 300-ლარიანი დახმარებისთვის მიმართა, მათ შორის ისინი, ვინც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და დახარვეზდნენ 300-ლარიან დახმარებას მიიღებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამით თვითდასაქმებულების დახმარების პროგრამა სრულდება.

„სანამ დავიწყებდეთ მოქალაქეების კრიზისში დახმარების სოციალური პროგრამის მესამე ეტაპს, მინდა გარდამავალი კომპონენტი დღესვე დავხუროთ და ეს პროგრამა დავასრულოთ. ეს გახლავთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერა. ეს პროგრამა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და მთავრობას 250 000-მა საქართველოს მოქალაქემ მომართა. თხოვნით ერთჯერად 300-ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით. ეს დახმარება 170 000-მა მოქალაქემ მიიღო, ვისაც სრულად ჰქონდა დოკუმენტაცია შევსებული, თუმცა სანამ შემდეგ ეტაპზე გადავალთ, გადავწყვიტეთ ყველა იმ დარჩენილ 80 000 მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით, თხოვნა დაუკმაყოფილდეს და დაერიცხოს ეს ერთჯერადი 300 ლარი. ამით ეს პროგრამა დასრულდება“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 31 ივლისს ამოიწურა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდა 35 564 უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული პირი. მათგან 28 717 პირს უკვე გადაერიცხა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, რაც 8 615 100 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის მიმღებ პირთა რეგისტრაცია დღეს იწურება, თუმცა თანხების გადარიცხვა კვლავაც გრძელდება.

კომპენსაციები მიიღეს დასაქმებულებმაც. მათზე ჯამში 68 771 800 ლარია გაცემული.

საერთო ჯამში მთავრობამკორონავირუსით დაზარალებულ მოქალაქეებზე 116 120 100 ლარის კომპენსაცია გასცა.

ცნობისთვის, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა აპრილში წარადგინა და დახმარება შესთავაზა, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

300-ლარიანი დახმარება გაიცა თვითდასაქმებულებზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთავრობა მათ იდენტიფიცირებას მოახდენდა, რისთვისაც მათ დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება ჰქონდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system