თავში

მთავრობას "ბიზნესის განვითარების საბჭოს" შექმნას სთხოვენ

მთავრობას "ბიზნესის განვითარების საბჭოს" შექმნას სთხოვენ
მთავრობას ბიზნესის განვითარების საბჭოს შექმნას სთხოვენ

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" საქართველოს მთავრობას კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად რეკომენდაციებს სთავაზობს.

ბიზნესსაბჭო მთავრობას ურჩევს უცხოური კომპანიების მოზიდვისა და ადგილობრივი ინვესტორების მხარდაჭერის მიმართულებით სამ სექტორში გააქტიურდეს, როგორიცაა ფარმაცევტული, საფეიქრო-სამკერვალო, სასათბურე მეურნეობები

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" მიიჩნევს, რომ საჭიროა ჩამოყალიბდეს „ბიზნესის განვითარების საბჭო“ (Business Development Council), რომელიც დაკომპლექტდება მხოლოდ ლიმიტირებული წევრებით:

● პრემიერ-მინისტრი,
● ინფრასტრუქტურის მინისტრი;
● ეკონომიკის მინისტრი;
● ფინანსთა მინისტრი;
● სოფლის მეურნეობის მინისტრი;
● საგარეო საქმეთა მინისტრი;
● ჯანდაცვის მინისტრი;
● ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი;
● ბიზნესომბუდსმენი;
● სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებიც მთავრობის გუნდთან თანამშრომლობასთან ერთად, მონიტორინგის მისიას გაწევენ საბჭოში.

 „ბიზნესის განვითარების საბჭოს" უნდა დაექვემდებაროს „კოვიდ 19“-ის ფონდი, სადაც თავს მოიყრის ყველა ფინანსური დახმარება, მიღებული როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან, ასევე ევროკავშირიდან, სხვა დონორებიდან და ადგილობრივი ბიზნესიდან. თანხების განკარგვასთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს „ბიზნესის განვითარების საბჭომ“, რომლის სამუშაო გეგმა ზუსტად უნდა ჰქონდეს შემუშავებული დროისა და გამოწვევების შესაბამისად.

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" რეკომენდაციით „ბიზნესის განვითარების საბჭოს“ სამოქმედო გეგმა ასეთია:

„ბიზნესის განვითარების საბჭომ“ აუცილებელია პირველ რიგში მოამზადოს ექვსთვიანი ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი საკომუნიკაციო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, აშშ-სთან, ასევე რეგიონისა და აზიის რიგ ქვეყნებთან. ჩვენის აზრით უნდა განხორციელდეს სამი სახის აქტივობა:

1. პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრების კომუნიკაცია (სატელეფონო; შეზღუდვების მოხსნის შემდგომ კი შესაბამისი ვიზიტების ფარგლებში) პარტნიორი ქვეყნების კოლეგებთან;
2. ქართული მხარის მიერ წინადადებების პაკეტების ოფიციალური დოკუმენტის შეთავაზება, რომელიც ხელმოწერილი იქნება პრემიერ-მინისტრის მიერ.
3. თითოეულ ქვეყანაში უნდა მოხდეს სექტორების მიხედვით დაახლოებით 5-10 კომპანიასთან/პოტენციურ ინვესტორებთან კომუნიკაცია. ჩვენი პრიორიტეტის შესაბამისად, პარტნიორ ქვეყნებს შესაძლოა მათთვის საინტერესო სექტორი შევთავაზოთ თანამშრომლობისათვის.

პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ საინვესტიციო პაკეტში, რომელიც წარედგინებათ უცხოელ პარტნიორებს, გათვალისწინებულ უნდა იქნას აღნიშნული სექტორებისთვის სრული მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან, მათ შორის:

● საინვესტიციო ვალდებულებების პირობით შესაბამისი მიწის გადაცემა 1 ლარად 25 წლის ვადით;
● ფინანსებთან ხელმისაწვდომობა (სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერა, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა და ა.შ.);
● პროფესიული გადამზადების მხარდაჭერა;
● საგადასახადო შეღავათები;
● ინფრასტრუქტურის ადგილზე მიყვანა.

უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებების პროცესში კი, ვფიქრობთ ერთ-ერთი წინაპირობა გახდეს საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალურად შესაძლო დასაქმება.

ფინანსებთან ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, გარდა ზემოხსენებული, პრაქტიკულად უკვე არსებული ფორმატებისა, ბიზნესის განვითარების საბჭომ ორი მიმართულებით უნდა დაუჭიროს მხარი აღნიშნული სექტორების განვითარებას, კერძოდ:

1. სახელმწიფო გრანტების გამოყოფა, ასევე დონორებთან აქტიური კონსულტაციებისა და მათი პროგრამების ეფექტური კოორდინაციის მეშვეობით დამატებითი გრანტების თანხების სამივე სექტორზე საჭიროების შესაბამისად გადანაწილება, რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს ზემოაღნიშნული სექტორების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდგომ.
2. ეროვნული ბანკის მიერ სესხის აღებაზე მინიმუმ 1 წლის განმავლობაში შეზღუდვების მოხსნა, რათა კომერციულმა ბანკებმა თავად გადაწყვიტონ გაცემული თანხის ოდენობა და ვალუტის სახეობა, ასევე მნიშვნელოვანია სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურად დაწევა და ზედა ზღვრის დაწესება.

ზემოაღნიშნული რეკომენდაციებით მთავრობის დაინტერესების შემთხვევაში, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო გამოთქვამს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს დოკუნეტის განხილვაში" -  აღნიშნულია "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" სარეკომენდაციო დოკომენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system