თავში

"ნამახვანიჰესის" მოწინააღმდეგეთა ორი არგუმენტი კატეგორიულად მიუღებელია - თურნავა

"ნამახვანიჰესის" მოწინააღმდეგეთა ორი არგუმე
ნამახვანიჰესის მოწინააღმდეგეთა ორი არგუმენტი კატეგორიულად მიუღებელია - თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, „ნამახვანიჰესის“ მისამართით სამი სახის კრიტიკა ისმის: „არა ჰესებს,“ ქსენოფობიური რიტორიკა და პროექტის სტრუქტურა. მინისტრი კატეგორიულია ბოლო ორი კრიტიკის მიმართ და ამბობს, რომ, თუ ვინმე იზიარებს ორ დისკურსს, - ანტიჰესების კამპანიას და ეთნიკური შუღლისკენ მიმართულ რიტორიკას -მთავრობას მასთან სასაუბრო არაფერი ექნება.

"იმიტომ რომ, ზოგადი მოძრაობა „არა ქართულ ჰესებს“ დამაზიანებელია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, ხოლო რაც შეეხება ქსენოფობიურ გამონათქვამებს და შუღლის ენას, ყველას მინდა შევახსენო, რომ ეს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა, მით უფრო მიუღებელია, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს, ევროატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოს თურქეთს. გთხოვთ, კონკრეტულად დააფიქსიროთ - იზიარებთ თუ ემიჯნებით და თუ ემიჯნებით, მაშინ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია კამათიც და შეთანხმებაც ნებისმიერ კონკრეტულ საკითხზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას.

მისი განმარტებით, საკუთარი ენერგეტიკული რესურსის განვითარება გადის რამდენიმე მსხვილ ჰესზე, რომელსაც ექნება საშუალება, წყალსაცავების მეშვეობით შეინახოს წყალი და ენერგოსისტემაში ე.წ. მარეგულირებელი როლი შეასრულოს ანუ მიაწოდოს მომხმარებელს სიმძლავრე არა სეზონიდან და კლიმატური ფაქტორებიდან გამომდინარე, არამედ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად დასჭირდება ჩვენს სისტემას და დისპეტჩერს. ასეთებია - რიონის აუზში „ნამახვანი ჰესი“ და „ონი ჰესი“.  ნათია თურნავას თქმით, „ნამახვანი ჰესი“ გამოიმუშავებს 1.5 მლრდ კვ/სთ-ს, რაც ნიშნავს დღევანდელი იმპორტის ტოლფასს მოცულობას. როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს არის 833 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია საქართველოს პოსტკოვიდურ ეკონომიკაში და 2000-მდე დასაქმებული ადამიანი. ამასთან, ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე საფუძვლიანად შესწავლილი პროექტი, მათ შორის, ცნობილი უცხოური კონსულტანტების მიერ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. მინისტრები პარლამენტში „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ 10 135 მოქალაქის პეტიციის განხილვის ფარგლებში მივიდნენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.

5 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა. მათ ცაგერის მოსახლეობას ჰესის მშენებლი კომპანიისთვის, "ენკასთვის," მიწის გადაცემის საკითხები განუმარტეს, ისაუბრეს, რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა - სახელმწიფო, ადგილობრივებს ნამახვანიჰესის უსაფრთხოების დეტალებიც გააცნეს, მოსახლეობის წინაშე მინისტრებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ მთავრობა "ენკას" ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას მოსთხოვს. მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრისას, მინისტრები დარწმუდნენ რიონის ხეობის მცველთა პროტესტის გულწრფელობაში და გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივი მსჯელობით გამოინახოს გზა, რომელიც წაადგებამ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system