თავში

მთავრობა "ენკას" ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას მოსთხოვს

მთავრობა "ენკას" ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას მოსთხოვს
მთავრობა ენკას ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას მოსთხოვს

ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესთან“ გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი მონაწილეობდნენ, ერთ-ერთი საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების განხილვა იყო. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, მათ შორის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდეს არა უბრალოდ რიგით კვალიფიკაციებზე და რიგით პროფესიებზე, არამედ მაღალანაზღაურებად და მაღალკვალიფიციურ პოზიციებზე.

„ამისთვის აუცილებელია ცოდნა და ჩვენ მოვთხოვთ ინვესტორ კომპანიას, უზრუნველყოს მათი მომზადება/გადამზადება, რომ მოსახლეობამ მეტი გამოცდილება შეიძინოს და ეს პროექტი მთლიანად საქართველომ გამოიყენოს იმისთვის, რომ უფრო მაღალი რანგის ინჟინრები მომზადდნენ. თვითონ ჩაერთონ და იმუშაონ. შესაბამისად, ბევრი რამის გათვალისწინება დღესაც შეიძლება და ეს შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა „შეხვედრა შეხვედრისთვის“ - ეს შეხვედრა არის ჩვენთვის, მთავრობისთვის გზამკვლევი, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ პროექტის საწყის ეტაპზე გავითვალისწინოთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრი თურნავა ცაგერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით იმყოფება. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილიც. 

მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ, მინისტრები პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან კანონმდებლებს. დარგობრივი და გარემოს დაცვის გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, დაავალა, პირადად ჩავიდნენ ადგილზე და დაიწყონ უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან. მთავრობის მეთაურმა მინისტრებს შესაბამისი საკომიტეტეო მოსმენები გამართვაც დაავალა. მთავრობა ამ ჰესის ავკარგიანობაზე დეტალების მოსახლეობისათვის გასაცნობად ადგილობრივებთან კომუნიკაციას გაააქტიურებს და შეეცდებიან ისინი დაარწმუნონ ნამახვანიჰესის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ სარგებლიანობაში.

შეგახსენებთ, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნათელია, რომ პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს. მათივე მტკიცებით, ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის ვერც უკეთეს ენერგოტარიფს, ვერც ენერგოუსაფრთხოებას. EMC-ი ბუნებრივ რესურსებზე "ენკას" შეუზღუდავ უფლებებზეც საუბრობს და ხელისუფლებას ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებს.

ნამახვანი ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა თვეებია აპროტესტებს. მათი მტკიცებით, რიონის ხეობის დატბორვა იგეგმება, რაც დაუშვებელია და ითხოვენ ჰესის მშენებლობის შეჩერებას. მათ სოლიდფარობას უცხადებს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საკუთარი პრეზიდენტობის დროს აქტიურად უჭერდა მხარს ჰესების მშენებლობის პოლიტიკას. სააკაშვილი ჯერ კიდევ 2012 წელს ენერგოდამოუკიდებლობისთვისა და სამუშაო ადგილების შექმნის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევდა ჰესების აქტიურ მშენებლობას, უშუალოდ ნამახვანიჰესზე კი ამბობდა, რომ მისი მშენებლკობის დაწყება ეროვნული სიამაყეა. ახლა კი სააკაშვილმა პოზოცია შეიცვალა და ამბობს, რომ, ბუნების გადარჩენა ბევრად აუცილებელია, ვიდრე ენერგოწარმოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ზრდა.

ექსპერტებს აქვთ ეჭვი, რომ საპროტესტო აქციები ხელოვნურად არის მართული და მიაჩნიათ, სპექტაკლი სახელწოდებით "ჰესები" გვანადგურებს და უნდა დასრულდეს, მოსახლეობასა და ინვესტორს შორის მთავარი კომუნიკატორის როლი კი ხლისუფლებამ უნდა იტვირთოს.

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც "პიკურ სადგურს" უწოდებენ, შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი იქნება. მათი საერთო სიმძლავრე 433 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 1496 გგვტ.სთ. ნამახვან-ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2025-2026 წელია მითითებული.

ნამახვანისა და ონის ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებასაც ითხოვენ.

გამოითქვა მოსაზრება , რომ ჰესმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართული ექსკლუზიური ღვინის "ტვიშის" წარმოებასაც, თუმცა მოგვიანებით გარემოს დაცვის სპეციალისტებმა ამ ეჭვს უსაფუძვლო უწოდეს. სპეციალისტები უარყოფენ იმასაც, რომ "ნამახვანი ჰესი" წყალტუბოს ბალნეოლოგიურ წყლებს რაიმენაირ საფრთხეს უქმნის.

მთავრობა ამტკიცებს, რომ პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინვესტორს სერიოზული განხილვები ჰქონდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვს. შპს „ენკა რინიუებლზის" განმარტებით, ნამახვანის ჰესების 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system