თავში

უქმნის თუ არა საფრთხეს "ნამახვანი ჰესი" წყალტუბოს ბალნეოლოგიურ წყლებს

უქმნის თუ არა საფრთხეს "ნამახვანი ჰესი" წყალტუბოს ბალნეოლოგიურ წყლებს
უქმნის თუ არა საფრთხეს ნამახვანი ჰესი წყალტუბოს ბალნეოლოგიურ წყლებს

"წყალტუბოს ბალნეოლოგიურ წყლებთან არავითარ კავშირში არ არის ზონა, სადაც „ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს", – ამის შესახებ report.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტში განუცხადეს. დეპარტამენტის უფროსის მერაბ გაფრინდაშვილის განმარტებით, ენერგოდამოუკიდებლობის გარეშე ქვეყნის მდგრადი განვითარება გამორიცხული.ენერგოდამოუკიდებლობას კი ჰესების გონივრული მშენებლობა მოგვიტანს.

მისივე განმარტებით, ჰესს ეკონომიკური და ენერგეტიკული სარგებლის გარდა, გარემოს დაცვის კუთხითაც მოაქვს დიდი სარგებელი. გაფრინდაშვილის მტკიცებით, იმ ტიპის ხეობებში, სადაც ნამახვანი ჰესი შენდება, სადაც მდინარის წყლის ნაკადებზეა დამოკიდებული მეწყრულ-გრავიტაციული და ეროზიული პროცესები, ჰესით ხდება წლის ნაკადების დარეგულირება წყლის ნაკადების წყალსაცავების მეშვეობით, ბუნებრივი საფრთხეები 30-50 პროცენტით მცირდება.

„ოპონენტების აპელირებენ, რომ თითქოსდა წყალსაცავის ტერიტორიაზე არის მეწყრული სხეულები, რომლებიც მოწყდება, ჩაწვება წყალსაცავში და გამოიწვევს 20-30 მეტრიან ტალღას; თითქოს, კურორტ წყალტუბოს ბალნეოლოგიურ წყლებს დააზიანებს ეს ჰესი, რაც არასწორია ," - ამბობს გაფრინდაშვილი და დასძენს, რომ ჰესის მშენებლობა, ოპერირების პროცესი უნდა განხორციელდეს მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული სტანდარტების შესაბამისად. 

ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში ნოემბრიდან დაიწყო. ადგილობრივები ადგილზე მორიგებით ცდილობდნენ კომპანია „ენკა რინიუებლზისთვის“ მშენებლობის დაწყების საშუალება არ მიეცათ. 30 იანვარს, მას შემდეგ, რაც საქმეში პოლიცია ჩაერია და აქციის მონაწილეების კარავი დაშალა, ჰესის სამშენებლო სამუშაოები მაინც განახლდა. ანუ აქციები ჰესის წინააღმდეგ 100 დღეა მიმდინარეობს.

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც "პიკურ სადგურს" უწოდებენ, შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი იქნება. მათი საერთო სიმძლავრე 433 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 1496 გგვტ.სთ. ნამახვან-ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2025-2026 წელია მითითებული.

ნამახვანისა და ონის ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.

გამოითქვა მოსაზრება , რომ ჰესმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართული ექსკლუზიური ღვინის "ტვიშის" წარმოებასაც.

გარემოსდამცველებისა და დარგის სპეციალისტების ნაწილის აზრით, ჰესების კასკადი საფრთხეს შეუქმნის რეგიონის კლიმატს და ეკოსისტემას; ნამახვანის ჰესი დატბორავს მიმდებარე სოფლებს, საფრთხეს უქმნის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას და, დაზიანების შემთხვევაში, სეისმოლოგების თქმით, დამანგრეველი იქნება ქუთაისისთვისაც."გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონით მოთხოვნილი სათანადო კვლევების სრულად წარდგენის გარეშე, სახელმწიფომ ჰესის წინასამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა გასცა. მიუხედავად ამისა, კომპანიებმა სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის მთების ბურღვა და აფეთქება დაიწყეს, რაც წინამოსამზადებელი სამუშაოს ფარგლებს სცდება და ადგილზე მიმდინარე სამუშაოები სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.

ნამახვანის ჰესების კასკადთან დაკავშირებულ პროტესტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია იზიარებს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული პოტენციალის განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. თუმცა აქვე აცხადებს, რომ ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების მიზნით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუგეგმავს გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ამასთან, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიებისა და გამჭვირვალობის პრინციპის მაქსიმალური უზრუნველყოფის შედეგად იქნება შექმნილი და პრაქტიკაში დანერგილი.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინვესტორს სერიოზული განხილვები ჰქონდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვს.

შპს „ენკა რინიუებლზის" განმარტებით, ნამახვანის ჰესების 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის უნებართვო მშენებლობაზე დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრის ბოლოს იუწყეობა და საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის მინისტრის მისვლასა და მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვდა.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system