თავში

პანდემიამ ყველაზე მეტად ტურიზმი დააზარალა

პანდემიამ ყველაზე მეტად ტურიზმი დააზარალა
პანდემიამ ყველაზე მეტად ტურიზმი დააზარალა

პანდემიურმა კრიზისმა ყველაზე მეტად ტურისტული ინდუსტრია დააზარალა.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა (რონდელის ფონდი) და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ეგიდით ჩატარებულ კვლევაში „ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე საქართველოში“.

კვლევა აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი ვარდნა აღინიშნა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების სფეროში, რომელსაც განეკუთვნება 8 ტურისტული სააგენტოებისა და ტუროპერატორების საქმიანობა (54.7 პროცენტი) და სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში (40 პროცენტი). 

მათმა წვლილმა ქვეყნის ეკონომიკის წლიურ კლებაში, 2020 წლის მეორე კვარტალში, ჯამურად, 2 პროცენტულ პუნქტს გადააჭარბა. 

ასევე დიდი ვარდნა ჰქონდა სამშენებლო ინდუსტრიას (-24.5 პროცენტი) და ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორს (-22.6 პროცენტი), რომელთა ჯამურმა წვლილმა მშპ-ის რეალურ წლიურ კლებაში თითქმის 3.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 

შედარებით მცირე იყო ვაჭრობის სექტორის წლიური კლების ტემპი (- 13.2 პროცენტი), თუმცა მისმა წვლილმა ეკონომიკის საერთო შემცირებაში თითქმის 1.6 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 

მთლიანად მომსახურების სფეროს სექტორების წვლილი მშპ-ის 12.3-პროცენტიან ვარდნაში 8.11 პროცენტული პუნქტი იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აღნიშნული სფერო პანდემიის მიმართ ყველაზე მეტად მოწყვლადი აღმოჩნდა.

2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლების სახით საქართველომ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი ვერ მიიღო, რაც საქართველოსთვის, როგორც პატარა ეკონომიკისთვის, ძალიან დიდი დარტყმაა.

ტურიზმი ეროვნული შემოსავლის უმსხვილესი წყარია, ამიტომაც სწორედ მის აღდგენაზეა დიდწილად დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. თუ ტურიზმი საერთოდ ვერ არდგა, ეკონომიკა მხოლოდ 1%-ის ფარგლებში გაიზრდება.

სპეციალისტების განმარტებით, ჩაკეტილი საზღვრების გამო ეკონომიკამ დაკარგა 9-მილიონიანი ტურისტუული ბაზარი, საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების სახით. ეკონომისტების მტკიცებით, ტურიზმის სექტორის კომბინირებული წილი, ქვეყნის მშპ-ში მომიჯნავე მომსახურებისა თუ სატუმრო-სარესტორნო ბიზნესის (ჰორეკა სექტორის) ჩათვლით, დაახლოებით 25%-ს უტოლდება. ამიტომაც ტურიზმის კლება ეკონომიკის თითქმის ყველა სხვა სექტორს ნეგატიურად შეეხება.

ტურიზმის ზარალი ჯაჭვურად გადაეცა და შეამცირა მისი მომიჯნავე დარგები, კერძოდ, "ჰორეკა" სექტორი. მხოლოდ მასპინძლობის სფეროში საქართველოში ოპერირებს 1 100-მდე საშუალო ზომისა და 1 500-მდე საოჯახო ტიპის და ე.წ. გესტჰაუსები. თუ შარშან განთავსებისა და კვების მიწოდების ობიექტებში ჯამურად 48 634 მოქალაქე იყო დასაქმებული, ბოლო მონაცემებით, მაჩვენებელი 31 039-მდე შემცირდა. 2020 წლის მესამე კვარტალში სასტუმრო/რესტორანი სინდუსტრიის კლება 31.7%-ია, ხოლო სექტორში დასაქმებული იყო 48 800 მოქალაქე; პანდემიის შედეგად, განთავსებისა და კვების ინდუსტრიაში უმუშევრად დარჩა 17 500 მოქალაქე, ხოლო დარჩენილ ნაწილს შემოსავალი მნიშვნელოვნად შეუმცირდა. ეს არის ის, რაც დაკვირვებადი ეკონომიკის ნაწილში ჩანს. რადგან საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა ჯერ კიდევ მაღალია, დიდი ალბათობით, ვითარება კიდევ უფრო რთულია და შემოსავალი გაცილებით მეტ ადამიანს შეუმცირდა ან საერთოდ შეუწყდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system