თავში

რა ღირს გაზი საქართველოში და როგორ დგინდება ტარიფი - Exclusive

რა ღირს გაზი საქართველოში და როგორ დგინდება ტარიფი
რა ღირს გაზი საქართველოში და როგორ დგინდება ტარიფი - Exclusive

ენერგომატარებლების წილი ბიზნესისა და მოსახლეობის ხარჯის მნიშვნელოვანი ნაწილია. წარმოებათა უმეტესობა საწარმოო პროცესში გაზს მოიხმარს, მოსახლეობის მიერ გაზის მოხმარება აქტიურია ზამთარ-ზაფხულ, თუმცა მოხმარება ზამთარში, როგორც წესი იზრდება, შესაბამისად, იზრდება მასზე ხარჯიც.

report.ge დაინტერესდა,  ვინ ადგენს და როგორ დგინდება საქართველოში გაზის კომერციული და სამომსხამრებლო  ტარიფი და რამდენად ადეკვატურია დღეს მოქმედი ტარიფები? კითხვებით ენერგოკომპანია "სოკარ ჯორჯია გაზს" მივმართეთ.

კომპანიაში აგვიხსნეს, რომ სამომხმარებლო ტარიფი დგინდება მარეგულირებელი კომისიის(სემეკის) მიერ, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის მიწოდების ტარიფი დერეგულირებულია და შესაბამისად დამოკიდებულია მიმწოდებელთან შეთანხმებულ მიწოდების ფასზე. 

"სოკარ ჯორჯია გაზში" მიაჩნიათ, რომ გაზის დღეს მოქმედი ტარიფი ადეკვატურია.

რაც შეეხება, ტარიფის დადგენის პროცესს, კომპანიის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტარიფების გადასინჯვა პერიოდულად ხდება და ეს ჩვეული პროცესია

"მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტარიფების გადასინჯვა პერიოდულად ხდება, ეს ჩვეული პროცესია, ივლისის თვეში კომპანიისათვის ახალი ტარიფების დამტკიცებაც დადგენილი პროცედურებით წარიმართა," - განუმარტეს report.ge-ს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, საყოფაცხოვრებო აბონენტებისათვის სამომხმარებლო ტარიფი შეადგენს 56,928 თეთრს 1 კუბურმეტრზე, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის 1 კუბური მეტრის ფასი შეადგენს 95 თეთრს.

სემეკის ცნობით კი გაზის ტარიფი თბილისში ერთ კუბურ მეტრზე 46 თეთრია, რეგიონებში კი, 57 თეთრი. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სემეკმა გაზის ტარიფი უცვლელი დატოვა. 

"ჩვენ სოციალური გაზის ტარიფი შევინარჩუნეთ იგივე და მომდევნო სამი წლის განმავლობაში 2020, 2021, 2022 წლებში გაზის ტარიფი იქნება უცვლელი. სახელმწიფოს შეხიდება, ეს არის მისი წილი გაზის ჩაბრუნება, რამაც გაზის ფასის არგაზრდა გამოიწვია. რასაკვირველია, კურსის ნაწილიც მოქმედებდა ამ ყველაფერზე, მაგრამ სწორედ ამ სახელმწიფო შეხიდებამ კურსთა შორის სხვაობა დააბალანსა და შესაბამისად, ტარიფი გაზრდა არ გახდა საჭირო. გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის მისაწოდებელი გაზის ფასში სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, მისი კუთვნილი გაზით ფასის სუბსიდირება მოახდინა. ანუ კორპორაცია არ აიღებს კუთვნილ გაზს და მოგებას, რომელიც რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფს დაასუბსიდირებს. ელექტროენერგიის ტარიფის არაგეგმიური გადახედვა არ იგეგმება“, – განააცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავთ ნარმანია, ივლისის დასაწყისში.

ცნობისთვის, ბოლო 6 თვის განმავლობაში სემეკი "სოკართან" იმ განხორციელებულ, თუ განსახორციელებელ ინვესტიციებს ათანხმებდა, რაც მოსახლეობის ტარიფებში უნდა აისახოს. ესაა 150 მლნ აშშ დოლარი, რომელიც აზერბაიჯანულმა ენერგოკომპანიამ საქართველოში საინვესტიციო პროექტებში დახარჯა და"სოკარი" ახლა მას ტარიფში ასახვას მოითხოვა.

შეგახსენებთ, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს აპრილსა და მაისში გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა და აღნიშნული ობიექტები 1 კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრი გადაიხადეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system